logo_geo
ზაზა სვანაძის ორი ცხოვრება...
- +

27 მარტი. 2017. 21:33



7-8 წლის ასაკში მსოფლიო რუკა ზეპირად იცოდა, რის გამოც გეოგრაფობას უწინასწარმეტყველებდნენ. ტელე-კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა, დღეს კი ფიქრობს, რომ თავის დროზე, პროფესიის არჩევისას შეცდა და ჯობდა, თავიდანვე  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაებარებინა.

 

აღიარებს, რომ  პროვოკატორის, ინტრიგანის იმიჯი აქვს. იმასაც აღნიშნავს, რომ  ზოგჯერ ამლაშებს და უტაქტოცაა... „ბევრისთვის მიტკენია გული, მაგრამ შეცდომების აღიარება არ მიჭირსო",- გვეუბნება... და იქვე დასძენს - „ერთი, რაც ვერ ვისწავლე, ენისთვის კბილის დაჭერააო"...

 

იმასაც აღიარებს, რომ პროფესია პირადი ანგარიშსწორებისთვისაც გამოუყენებია და ამას პირად სისუსტედ თვლის...

 

საერთო ჯამში, ასეთია ჟურნალისტი ზაზა სვანაძე - ვისთვის ობიექტური, გულწრფელი და პირდაპირი, ვისთვის კი - პროვოკატორი, ინტრიგანი და უტაქტო... პრინციპში - ისეთი, როგორიც ქვემომოყვანილ მასალაშია და როგორადაც მის გულწრფელ მონოლოგს აღიქვამთ...

 



ბავშვობა

 

 

1982 წლის 28 ივლისს დავიბადე, იმერეთის პატარა ქალაქში - სამტრედიაში. როგორც დღეს იტყვიან, ჰიპერაქტიური ბავშვი ვყოფილვარ - ერთი წლის უკვე რაღაც წინადადებებს ვბუტბუტებდი თურმე, ორი წლიდან ვერ მაჩერებდნენ, სამი წლიდან კი რუსულის სწავლაც უცდიათ ჩემთვის...


არ მივეკუთვნებოდი იმ პატარების რიცხვს, რომლებიც საბავშვო ბაღში ტიროდნენ - ყოველთვის სიამოვნებით ვერთვებოდი საბავშვო ზეიმებში. როცა სასკოლო ასაკის გავხდი, შემიყვარდა ხატვაც, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ჯიუტი ვიყავი და ხშირად ვაბრაზებდი უფროსებს.  მოზარდი ზაზა სვანაძის საქციელი, ზოგჯერ ძალიან არ სცდებოდა ბავშვური ცელქობის მასშტაბებს, მაგრამ არავინ მსჯიდა, ტონსაც ძალიან იშვიათად მიმატებდნენ - ალბათ, იკითხავთ, თუ რატომ?


ამ თემაზე, საჯაროდ, პირველად ვსაუბრობ, რაც პირველ რიგში თქვენი გამოცემისადმი ნდობითაა განპირობებული, თემას ოდნავ გადავუხვევ და გეტყვით (იმედია, ყელყელაობაში არ ჩამომართმევთ), წლებია, ეკრანზე ვარ და ინტერვიუ არაერთხელ ჩამოურთმევიათ ჩემთვის, არაერთხელ უკითხავთ ბავშვობის წლებზეც, მაგრამ ყოველთვის დიპლომატიურად ამირიდებია თავი ამ საკითხებისთვის - მიზეზი რამდენიმეა - როდესაც დავიბადე, დედა ცუდად გახდა, ძალიან მძიმედ იყო, მძიმედ ვიყავი მეც... ერთ-ერთ ექიმს დეიდაჩემისთვის უთქვამს - ეს ბავშვი ვერ გადარჩება და შეეგუეთო... ამ თემას ტაბუ ედო წლების განმავლობაში და შემდეგ გავიგე. რთული პერიოდი უკან დარჩა, სიცოცხლისთვის ბრძოლა დედა-შვილმა მოვიგეთ...


უმამოდ ვიზრდებოდი, რაც 90-იანი წლების საქართველოში ძალიან დიდი ტვირთი იყო, როგორც თავად მარტოხელა ქალისთვის, ისე ბავშვისთვის. შესაბამისად, ჩემი კუთხეში დაყენებაც კი არავის უფიქრია. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ უმამობა არ მეგრძნო. ვიცოდი, რომ მამა ცოცხალი მყავდა და ვიცოდი, რომ სხვაგან ცხოვრობდა, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ დღეს, 34 წლის ასაკში დასაოჯახებელი ვარ, ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგია. ხომ არსებობს კლაუსტროფობია? არსებობს სხვადასხვა ტიპის შიშები, მე ოჯახის დანგრევის შიში მაქვს.



ოჯახი

 

ბაბუაჩემი მძღოლი იყო, რომელიც პირველ შვილიშვილს ქალების რისხვისგან მიცავდა და მაქსიმალურად მანებივრებდა. ბებიაჩემი დღესაც ცოცხალია, 80 წლისაა და დღესაც აქტიურადაა ჩართული რაიონში მიმდინარე მოვლენებში. ჩემს ბავშვობაში, მეთოდკაბინეტში მუშაობდა, უფრო გასაგები რომ იყოს - განათლების სისტემაში, რაიონულ დონეზე. იქ, სადაც სკოლებისთვის ანაწილებდნენ წიგნებს, რუკებს, დიაფილმებს - ახლა რომ სლაიდებს ეძახიან. მიყვარდა მასთან სამსახურში მისვლა, რადგანაც სრული თავისუფლება მქონდა. 7-8 წლის ასაკში მსოფლიო რუკა ზეპირად ვიცოდი, რის გამოც გეოგრაფობას მიწინასწარმეტყველებდნენ. ბებო, მოგვიანებით, გაზეთ „სამტრედიის მაცნეში" გადავიდა კორექტორად და მეც გადავყევი. რედაქციაში გავიზარდე, ადგილობრივი ჟურნალისტების კალთაში. მაშინ ციფრული ტექნოლოგიების ერა ჰორიზონტზეც არ ჩანდა და გაზეთებს უცნაურად აკაბადონებდნენ, თითოეულ ასოს ცალკე აწყობდნენ სპეციალურ დაფებზე, რასაც დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს. დედა დასავლეთ საქართველოში, სამოქალაქო თავდაცვის შტაბში მუშაობდა, სადაც რუკები და აირწინაღები იყო, დღესაც მახსოვს კედელზე გაკრული უზარმაზარი გამაფრთხილებელი ბანერები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეცვათ ადამიანებს თავი ქიმიური დარტყმებისგან, როგორ უნდა გადავრჩენილიყავით წყალდიდობებს და მიწისძვრებს.



სკოლა


სკოლაში სწავლის პერიოდმა 90-იანი წლების გაპარტახებულ საქართველოში ჩაიარა, მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები - ლეილა კუბლაშვილი, ეთერ თევზაძე, დარეჯან კინწურაშვილი, დოდო გრიგოლია, რომელიც სხვათაშორის, ცნობილი ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას მამიდააა. ყველა მათგანს ვერც ჩამოვთვლი. სწავლით კარგად ვსწავლობდი, შატალოებზე სიარული არ მიყვარდა.


აქვე, ბავშვობის პერიოდის გახსენებისას არ მინდა გამომრჩეს დრამატული ისტორიებიც, რომელიც როგორც ყველას, მეც შემეხო - 1992 წლიდან, როცა ძმათამკვლელი ომი დაიწყო, სამტრედია როგორც დასავლეთ საქართველოს სატრანსპორტო და სარკინიგზო კვანძი, საჯილდაო ქვა გახდა. როცა ქალაქს ორივე მხრიდან ესროდნენ, დეიდაჩემთან გავიქეცით, რამდენიმე დღეში ის სოფელი, სადაც დეიდაჩემი ცხოვრობდა და სადაც თავს ვაფარებდი, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა.


უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ სამხრეთით, ვანის რაიონისკენ გავეყვანეთ, იქ, სადაც ნათესავები ცხოვრობდნენ. მახსოვს, მდინარე გუბისწყლამდე „კამაზით" მივედით, ბორანი გადატვირთული იყო, გადაჰყავდათ ძროხები, მანქანები, ბორანზე ქალები ნერვულად ქსოვდნენ, ეს კადრები ღრმად ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში. მას მერე რაც შევარდნაძემ თავისი მმართველობა განამტკიცა, ყველანი დავუბრუნდით მშობლიურ მხარეს, ჩემს სახლთან ახლოს, ბალნეოლოგიური კურორტი იყო (ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ), იქ, მაშინ, მხედრიონელები დაბანაკდნენ, ისინი „აკაემის" და „აკაესის" ტყვიებს გვჩუქნიდნენ. მაშინ თეორიულ ცოდნას ჩემდაუნებურად ვეზიარე, 10-11 წლის ასაკში უკვე ზეპირად ვიცოდი ერთი სისტემის უპირატესობა მეორესთან შედარებით, რომელი გამოდგებოდა ტყეში საომრად და რომელი გაშლილ სივრცეში, ერთხელაც, ერთ-ერთმა სამხედრომ, ბავშვები შენობის გვერდზე გაგვიყვანა და გვთხოვა, თუ საღეჭ რეზინებს და შოკოლადებს მოგვიტანთ, ბევრ ტყვიას გაჩუქებთო. მეგობრებმა ტკბილეულის შეგროვება დავიწყეთ და საოჯახო საცავები პირწმინდად გავძარცვეთ. როცა სახლში არსენალით დავბრუნდი, პირველად დამტუქსეს. რამდენიმე დღე სახლიდან არ გამიშვეს. მას მერე დიდი დრო გავიდა, ცხოვრებამ სხვა ტიპის ბრძოლებისთვის გამომწვრთნა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.


 

სტუდენტობა


სიმართლე გითხრათ, ზედმეტად ევროპულად ვიზრდებოდი. ამ მხრივაც სრული თავისუფლება მქონდა, არავის დაუძალებია, გინდა თუ არა ექიმი გამოდიო. ერთი პერიოდი ცეკვამ გამიტაცა, პანტომიმის თეატრშიც ვცადე ბედი, თუმცა, მივხვდი, რომ სცენა დიდად არ მიზიდავდა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მსახიობი და რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი  სოსო ლაღიძე ჩემი ნათესავია და ერთ სიტყვას წამაწევდა, მაინც არ შევაწუხე არავინ. ვთქვი, რომ მაღაზიაში 10 ლარი მქონდა ვალი, გამოვართვი ჩემებს, გადავიღე სურათები და შევიტანე განაცხადი ტელე-კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, გადავაქსეროქსე წიგნები, ჩავუჯექი ორი თვის განმავლობაში საგამოცდო მასალას და ჩავაბარე. გულწრფელი რომ ვიყო, ექსპერიმენტულ კურსზე მოვხვდი, ანუ დიდად რთული არ იყო იქ მოხვედრა. თუ გაამართლებდა ჯგუფი, გაამართლებდა. აი, ასე. ჩემი პედაგოგები, არაჩვეულებრივი და ყველასათვის საყვარელი განო მელითაურის მშობლები - კახა მელითაური და თინა მენაბდე იყვნენ. ძალიან მტკივა ის ტრაგედია, რაც განოს შეემთხვა ამ რამდენიმე წლის წინ.



პროფესია


რაც შეეხება პროფესიის, გულწრფელად გეტყვით, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ შევცდი, შეიძლებოდა, თავიდანვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ამერჩია, თუმცა, სწავლა არასდროსაა გვიან.


კინო მიყვარს, მაგრამ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში ძნელია, კინოინდუსტრიით ფეხი მოიკიდო. ბაზარია პატარა. იშვიათად, რომ ვინმემ გაარღვიოს ეს წრე.


სწავლის პერიოდი ძალიან ფერადი იყო, ძალიან საინტერესო. არ მინდა, მიწყინონ ახალი თაობის ადამიანებმა, პრინციპში ჩემს თავსაც მივათვლი, დღეს უმეტესობა ინტერნეტდამოკიდებული გავხდით, - ახალგაზრდები ერთმანეთს გალერეებში, გამოფენებზე, სემინარებზე, ფესტივალებზე ვეცნობოდით, ავდიოდით სამხატრო აკადემიაში, ჩავდიოდით „თეატრალურ სარდაფში", თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიებმა გამოფიტა რეალური ურთიერთობები.


მოგვიანებით იყო მოკრძალებული რესურსების მქონე ტელეკომპანია „ევრიკა", სადაც 20 წლის ბიჭს პირდაპირი ეთერი მანდეს.


თეატრალურში ასე არ იყოფოდა ადამიანები ცნობად და არაცნობად სახეებად - არავის უკვირდა ეკრანზე გამოჩენა, ნანკა კალატოზიშვილი ჩემი თაობისაა, კახა მიქიაშვილი, ვერიკო ტურაშვილს 16-17 წელია ვიცნობ, თუ არ ვცდები, თოჯინების თეატრის მსახიობია, დიპლომით. აწ უკვე ცნობილი მსახიობი მიშა მესხიც ჩემი თაობისაა, ყოველთვის კარგი სალამი გვქონდა, ნატა გულიაშვილი, რომელსაც ზოგჯერ სარკასტულ ტონალობაში აბულინგებენ ინტერნეტში, საკმაოდ წარმატებული მსახიობი იყო, იღებდნენ სტუდენტურ ფილმებში, გადაღებულია ჩეჩნურ სრულმეტრაჟიან ფილმშიც და გული მწყდება, რომ მისი უშრეტი ენერგია ტელეშოუებს ხმარდება. ბევრი საინტერესო სახე გაქრა, ისეთები, რომლებზეც დიდი ფსონი კეთდებოდა სახელოვნებო წრეებში, ზოგმა ალბათ დროს ვერ აუწყო ფეხი, ზოგმა ოჯახსა და კარიერას შორის პირადის სასარგებლოდ გააკეთა ალბათ არჩევანი.



კარიერა


პირველი ჰონორარი დაახლოებით 200 ლარს შეადგენდა, თანხა გადმომცეს თუ არა, ბაზრობაზე გავიქეცი და სამი დიდი ჩანთით დავბრუნდი სახლში აჟიტირებული. 2000 წლისთვის, ამ თანხით რაღაცებს იყიდდი, თუ არ მეშლება, ანაზღაურება საბავშვო კონცერტების გადაღებაში ავიღე.


ქვეყნიდან წასვლაზეც მიფიქრია. ალბათ უკეთესი ცხოვრების მოწყობის მიზნით, თუმცა პირად კომფორტთან ერთად ყოველთვის წინა პლანზე იდგა სწავლა-განათლების მხრივ განვითარებაც. ჩემი ოცნება იყო, მოსკოვში ,,ВГИК"-ში მესწავლა, ცნობილი კინოსკოლაა. სამწუხაროდ, ოცნება ოცნებად დამრჩა.


შეიძლება რამდენიმე წელიწადში, ჩამოვცილდე ეკრანს და ჩემთვის მოკრძალებულად ვიცხოვრო, არ მაქვს ამბიცია, რომ მე უნდა ვჩანდე, რომ მაინდამაინც მე უნდა მიყურონ და მე უნდა მისმინონ. თუ იქნება მოთხოვნა, ჟურნალისტი ზაზა სვანაძე იარსებებს, თუ არა და, არც ეგაა პრობლემა. მე ჩემი სათქმელი, სამოქალაქო პლატფორმიდან ვთქვი, თუ არ მიმიღებს საზოგადოება, თვალებში მაზოლებს არავის ამოვუყვან.



სიყვარული


პირველი სიყვარული იყო ბავშვური გატაცება, რომელიც ემოციების თუ შეგრძნებების სახით, სტუდენტობის პერიოდამდე მძაფრად გამომყვა. მრცხვენია, ამას რომ ვყვები, მაგრამ სიყვარულის ობიექტს მოტაცებაც დავუპირე, მართალია, საპასუხო გრძნობებით მეორე მხარეც მანებივრებდა, უბრალოდ მოტაცება ალბათ, უფრო ფორმალური მხარე იყო, რათა მშობლების თვალში ნაადრევი ქორწინება გათეთრებულიყო. მახსოვს, ტაქსი სკოლასთან მივაყენე, მაგრამ მას დედა ახლდა, რომელიც წვიმიან ამინდში, ქოლგით იყო შეიარაღებული. გულის სწორი ჩემი რადიუსიდან გაიყვანეს. მას შემდეგ ბევრჯერ შევხვდით, თუმცა, მან სხვა ოჯახი შექმნა, რომელიც დაენგრა. დღევანდელი, თანამედროვე ახალგაზრდობა ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბიოგრაფიული ფაქტი ფაქტად რჩება. არასრულწლოვნები იმ წლებში უპრობლემოდ ქმნიდნენ ოჯახებს, პრინციპში, ეს პრობლემა აქა-იქ დღესაც მწვავედ დგას.



ზაზა სვანაძე და შემოქმედება


ძალიან მიყვარდა ცეკვა, თუმცა, ქართული ქორეოგრაფია ვერ ავითვისე, უფრო თანამედროვე ცეკვებით ვიყავი გატაცებული. მიყვარდა ხატვა, ერთი პერიოდი მინდოდა არქიტექტორობაც. ხელოვნება ეს სულის ნაწილია. თუ პარლამენტარები, კანონმდებლები, იურისტები, მეცნიერულად ამუშავებენ კანონებს, ხელოვანი ადამიანები სულის კონსტიტუციაზე ზრუნავენ. ეს აღმაფრენაა, რომლის გარეშეც ადამიანი უბრალოდ ყოფიერებაში ჩაკარგული ბიომასა ხდება. ძალიან ვწუხვარ, რომ სტუდენტობის პერიოდისგან განსხვავებით, ისე ხშირად ვერ დავდივარ თეატრებში.



ჟურნალისტური ინტრიგები


იცით, როგორ არის? მე იმიჯი მაქვს ისეთი, პროვოკატორის, ინტრიგნის, რეალურად კი სხვებზე მეტს  ნამდვილად არ ვაშავებ. ზოგადად, ძალიან მიყვარს ობიექტურობა და საკუთარ თავსაც არ ვინდობ. ვაღიარებ, რომ ზოგჯერ ვამლაშებ და უტაქტოც ვარ, ბევრისთვის მიტკენია გული, მაგრამ შეცდომების აღიარება არ მიჭირს. ფარულად არავის ვიწერ, არავინ დამიშანტაჟებია, პროფესიული შეცდომები დამიშვია, თუმცა, ისეთიც არა, რომ მრცხვენოდეს ჟურნალისტურ წრეებში თავის გამოყოფა. ერთი, რაც ვერ ვისწავლე, ენისთვის კბილის დაჭერაა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ პირდაპირობა ყოველთვის არაა საჭირო. მეგობრებს ნახევრად ხუმრობით ხშირად უსაყვედურებიათ - რანაირი იმერელი ხარ, ლავირების ნიჭი საერთოდ არ გაქვს, ეს კახური პირდაპირობა მოიცილეო. იმასაც გეტყვით, რომ ნაკლებად, არ მახსენდება ფაქტი, ვინმეს ბრმა იარაღად გამოვეყენებინე.


სამწუხაროდ, პროფესია პირადი ანგარიშსწორებისთვისაც გამომიყენებია. ყოფილა ასეც რამდენიმეჯერ... ვაღიარებ... სადღაც ეს ჩემი პირადი სისუსტეცაა, ალბათ, თუმცა პროფესიულად ისე შემიფუთავს ეს ყველაფერი, რომ პირადი მოტივაციის კვალს ვერ ამოიკითხავდა მკითხველი.



ქალი

 

სილამაზის საიდუმლო პლასტიკური ქირურგების კაბინეტებში არ იმალება, ალბათ შინაგანად უნდა ასხივებდეს ქალი. ჰარმონია უნდა იყოს, მაკიაჟის და ტანისამოსის შერჩევისას, ქალბატონის განწყობას უნდა პასუხობდეს ის იმიჯი და ეკიპირება, რომელიც აქვს შერჩეული.


ამასწინათ, ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ძრომიალისას გადავეყარე ძალიან სასაცილო ვიდეოს, სადღაც, აზიაში, პატარა მაიმუნს - მაკაკას ჯიშისას, პომადას უსვამდა ერთობ მზრუნველი პატრონი, ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს, ნებისმიერ ინტერნეტ-დივას შეშურდება, იმის თქმა მინდა, რომ სილამაზეს სპეცეფექტები არც სჭირდება. მინახავს ლამაზად დაბერებული დოდო ჭიჭინაძე, რომელიც არაფრითაა ნაკლები დღევანდელ მხცოვან ვარსკვლავებზე, მე მასწავლიდა ცნობილი კინომცოდნე ნათია ამირეჯიბი, მახსოვს, 70 წელს მიტანებული ქალი როგორი დახვეწილი მანერით, ყელმოღერებული გამოივლიდა თეატრალური ინსტიტუტის დერეფანს.



მარიხუანა, „ქუჩის ინსტიტუტი", სოფლელი და ქალაქელი - შეხედულებები

 

„ქუჩის ინსტიტუტი" არ მაინტერესებდა. ეს არ იყო ჩემთვის სტატუსის დასამკვიდრებელი ადგილი. მე კარგად ვსწავლობდი, მაინტერესებდა ხელოვნება და ჩემი სფერო მქონდა, ჩემი კვადრატი, ასე ვთქვათ. სხვათაშორის, თბილისში კონფლიქტები ნაკლებად მქონდა, განსხვავებით მშობლიური იმერეთისგან. იქ, მაგალითად, ვერ იგებდნენ დახეულ ჯინსებს, ჩემს ეპატაჟურ გამოხდომებს, რის გამოც ხშირად ვეხვეოდი შარში. დიდი ქალაქი იღებდა განსხვავებული ჩაცმის სტილსაც და ოდნავ გრძელ თმასაც, თუნდაც იმ წლებში, როცა ხალხი ნაკლებად იყო ევროპაში გასული და ინფორმაციაც ნაკლები გვქონდა ყველას. ამის გამო არავის ვუცემივარ, ნარკოტიკები არ მჭირდებოდა, რეალობიდან გაქცევას ალკოჰოლით ვცდილობდი, მარიხუანა სულ 4-5 ჯერ მექნება გასინჯული, ერთხელაც, რამდენიმე ნაფასმა მარიხუანამ ისე ცუდად გამხადა, „არამიანცის" საავადმყოფოში საკაცით შემიყვანეს, ამ ფაქტს დღემდე ღიმილით იხსენებენ თანხმლები პირები.



მისაბაძი ჟურნალისტი


ვლადიმირ პოზნერი - ლეგენდარული რუსი ჟურნალისტია, იმედია, დიდ ხანს იცოცხლებს და ოდესმე პირადადაც ვნახავ. ეს არის მეცნიერი, ფსიქოლოგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, 80 წელს მიტანებული კაცი, რომელიც ამ ასაკში ზის პირდაპირ ეთერში, ხოლო სტუმრად მიდიან ალა პუგაჩოვადან დაწყებული ჰილარი კლინტონით დამთავრებული, ვინ აღარ, სპორსტმენები, საოპერო მომღერლები, მინისტრები, უნდა ნახოთ, როგორ პატარა ბავშვებივით არიან აწურულნი. ჟურნალისტის რისხვის კი არა, მისი განათლების ეშინიათ, რომ ბრიყვებად არ გამოჩნდნენ პოზნერის ფონზე, სხვათაშორის, პოზნერი ეკრანზე 54 წლის ასაკში გამოჩნდა. მის მაგალითზე ვფიქრობ, რომ თოქ-შოუები ზოგჯერ გამოცდილმა ადამიანებმა უნდა წაიყვანონ. როცა ჟურნალისტი ელოდება ყურში ჩაძახილს, როცა ტელესახე შუშის თვალებით მიყურებს, მე ამას ვხვდები. საკმაოდ დაკვირვებული თვალი მაქვს.



იდეალური ჟურნალისტი

 

თითქოს მარტივი კითხვაა, მაგრამ ამაზე პასუხი გამიჭირდება. მგონია, რომ რეცეპტი არ არსებობს, არც სქემა, რომლის მიხედვითაც იდეალური ჟურნალისტს პროტოტიპს შევქმნით. ყველა საზოგადოება, ყველა კულტურა იღებს ისეთ ჟურნალისტს, როგორიც თავადაა - შეიძლება სადღაც ისეთი პერსონა აღიარონ წარმატებულ ჟურნალისტად, რომლის მსგავსსაც აქ არავინ მოუსმენს და არავინ დაუჯერებს. ალბათ პირველ რიგში სანდოობის ხარისხი უნდა ჰქონდეს მაღალი.



იდეალური პოლიტიკოსი

 

70-წლიანმა კომუნისტურმა მმართველობამ, ადამიანების მენტალობაზე და შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია, იმ პერიოდის იდეოლოგია დღემდეა გამჯდარი ჩვენს მოქალაქეებში. დამოუკიდებელ საქართველოში დიდად არ უყვართ ფინანსურად დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, მდიდარი ეს შუა საუკუნეების ბურჟუასთან და მჩაგვრელთანაა გაიგიგივებული, თუმცა, ამ განწყობებს სხვა საფუძველიც აქვს. ბევრი პოლიტიკური მოღვაწე მას შემდეგ გამდიდრდა, რაც უმაღლესს საკანონდებლო ორგანოში მოხვდა, ამიტომ ხალხს ნდობა აქვს დაკარგული მათდამი. პარლამენტარმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ პრიორიტეტად ვილების აშენება არ უნდა დაისახონ, ხალხს უნდა ემსახურონ პირველ რიგში - პირადად მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ირაკლი სესიაშვილს ხელისუფლებიდან, ლაშა ჩხარტიშვილს, ერთ-ერთი პატიოსანი პოლიტიკოსია ოპოზიციურ ფლანგზე, ანი მიროტაძეს, ძალიან ვაფასებ დავით გამყრელიძეს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, მიხვდა რა, რომ დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ბევრი დაუდგეს გამყრელიძეს გვერდზე, იმიჯით, ინტელექტით, რესპექტით, მიხვდა ადამიანი, რომ საზოგადოება არ უჭერდა მხარს და მშვიდად წავიდა პოლიტიკური სცენიდან. ასე ღირსეულად არავინ წასულა ქართული პოლიტიკიდან.

 

ერთი ჟურნალისტური თავგადასავალი

 

ძალიან ბევრი თავგადასავალი მქონია, ალბათ, ყველაზე მეტად ისეთი მომენტები გვამახსოვრდება, როცა კურიოზულ სიტუაციაში ვვარდებით, ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ, სპორტის სასახლეში მქონდა, მომღერლები უნდა ჩამეწერა, მათ შორის რეპერი „შავი პრინციც", რომელიც იმ წლებში ძალიან აქტუალური იყო თინეიჯერულ წრეებში. დავიწყებდი კითხვის დასმას და ვერ ვასრულებდი, არ ვიცოდი, რა მეკითხა - სამჯერ თუ ოთხჯერ გამოვართვევინე ოპერატორს კამერა - რესპონდენტს ძალიან გაუკვირდა ასეთი მოუმზადებელი ჟურნალისტის ხილვა და უაპელაციოდ მკითხა - ძმურად, დაბოლილი ხარო? თუ ცუდად ხარ, ნუ დამისვამ კითხვას, ვიცი, რაც უნდა გითხრაო. მას შემდეგ ყველგან მომზადებული მივდიოდი.



შექება და კრიტიკა

 

ზედმეტი პოზიორობის გარეშე გიპასუხებ აქაც - ის დრო, როცა შექებას მეცხრე ცაზე ავყავდი, წარსულს ჩავაბარე, ზოგჯერ, თუ ზედმეტად მანებივრებენ კომპლიმენტებით, ეჭვებიც მიჩნდება; ფამილარული ჟესტები მაღიზიანებს. ვფიქრობ, რა დგას ამ ქების უკან. ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა კი უფრო მაინტერესებს. ახლახან პროფესიული რჩევები ორ კოლეგას ვკითხე, წინა კვირას გიორგი მამაცაშვილს და გუშინწინ ვანო პავლიაშვილს.



რა აკლიათ დღეს ადამიანებს?

 

პასუხი ბანალურია, ალბათ, მაინც სიყვარული. სოციალური ქსელი რენტგენის სხივებივით აშუქებს ყველანაირ დეფიციტს - მათ შორის სულიერს. სოცქსელებში დიდ დროს მეტწილად მარტოსული ადამიანები ატარებენ, ასევე, მედიის წარმომადგენლებიც, თუმცა შეიძლება ჟურნალისტიც იყოს მარტოსული. ესეც არაა ხომ გამორიცხული? ახლა ვიბრძვი, რომ ნელ-ნელა მოვცილდე ქსელებს და სტუდენტობის დროინდელ ტემპებს დავუბრუნდე. უფრო დინამიკურ და რეალურ ცხოვრებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი