logo_geo
მარი ონეზაშვილი - დაბნეული ჟურნალისტი, რომელიც სიკეთეს აკეთებს და სამაგიეროდ არასდროს არაფერს ითხოვს
- +

25 აპრილი. 2017. 20:47


 

კასპში დაბადებულ გოგონას, საკმაოდ მოგზაური ბავშვობა ჰქონდა. მოგზაური ცხოვრების პერიოდმა, გარემოს ხშირმა ცვლამ, ახალი გარემო პირობების შეთვისების სწავლამ, ახალი ადამიანების გაცნობამ და მათი შეხედულებების გაცნობამ,  მისი პროფესიის არჩევა განაპირობა

 

ფიქრობდა, რომ თუ ჟურნალისტი გახდებოდა და სიტუაციებს ობიექტურად გააშუქებდა,  ბევრ პრობლემას მოაგვარებდა და კარგ საქმეებს გააკეთებდა. ბავშვური ოცნება რეალობად აქცია და  ჟურნალისტი გახდა.

 

რეალურ ჟურნალისტიკაში ის ვარდისფერი სათვალე მალე დავკარგე, თუმცა, შემიძლია ვთქვა -  5-წლიანი ჟურნალისტური სტაჟის შედეგად,  ჩემი პროფესიის წყალობით  და სხვისი პრობლემების გაშუქებით,  მაინც მოვახერხე ადამიანების გარკვეული ნაწილის დახმარება და მცირეოდენი კარგი საქმეების კეთება მაინც",-აღნიშნავს...

 

მე და ჩემი თაობის ახალგაზრდებსაც კარგი საქმის კეთებით დაგვამახსოვრა თავი.  ყოფილი ხელისუფლების დროს, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტების პროტესტის მიზეზებს და ფაქტებს, რიგი მიზეზების გამო, თითქმის არც ერთი მედიასაშუალება არ აშუქებდა, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, მარი ონეზაშვილი ერთ-ერთი იყო იმ მცირედთაგან, რომელიც ამ ახალგაზრდების საკითხით ინტერესდებოდა და საზოგადეობამდე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსის"  საშუალებით მიჰქონდა.  თუმცა, ეს, მხოლოდ მცირედია მისი საქმეებიდან....

 

ბავშვობა

 

დავიბადე კასპში. საკმაოდ მოგზაური ბავშვობა მქონდა. მშობლების საქმიანობიდან გამომდინარე  საცხოვრებელი ადგილი და სკოლა ოთხჯერ გამოვიცვალე. სხვადხვა დროს, სხვადასხვა რაიონში და ქალაქში ვცხოვრობდით. ვიტყოდი, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო თავგადასავალი, რამაც ბევრი რამ მასწავლა და ყველაფერი სხვა თვალით დამანახვა.


ამ მოგზაური ცხოვრების პერიოდმა გარემოს ხშირმა ცვლამ, ახალი გარემო პირობების შეთვისების სწავლამ, ახალი ადამიანების გაცნობამ და მათი შეხედულებების გაცნობამ განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევაც. 


სამი სემესტრი წალკის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ვისწავლე.  ეს ის პერიოდი იყო, როცა მანამდე ეთნიკურად არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში  ეკომიგრანტი აჭარლები და სვანები ჩაასახლეს ბერძნებისგან დაცლილ სოფლებში. ამ ფაქტმა, მჭიდროდ დასახლებული სომხური სოფლების მიერ ბერძნების ნასოფლარების მიერთების  გეგმა  ჩაშალა, რამაც  ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ქართველების მიმართ  აგრესია გამოიწვია. მახსოვს, დღისითაც კი, 15-20-კაციან ჯგუფებად თავს ესხმოდნენ აჭარლებით და სვანებით დასახლებულ ქართულ სოფლებს და ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებს ძარცვავდნენ. მიჰქონდათ სახურავის მასალა, კარ-ფანჯარა, ზოგიერთი სახლი ისე დაშალეს, სამშენებლო ბაზალტის ქვაც კი წაიღეს და მხოლოდ საძირკველი დატოვეს. ერთ-ერთ სახლში, სადაც ქართული ოჯახი ცხოვრობდა, საპირფარეშოს კარი გარედან ჩაკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს. როცა მეზობლები საპირფარეშოში ჩაკეტილი მეზობლის გადასარჩენად გაიქცნენ და ყურადღება გადაიტანეს, მათ სხვა სახლი გაძარცვეს. ასეთი ინციდენტები ყოველდღე ხდებოდა, ქართველებისთვის იქ ყოფნა გაუსაძლისი რომ გაეხადათ და იქიდან წასულიყვნენ. მათ ასეთ ჯგუფურ თავდასხმებს და ძარცვას აჭარლები და სვანები ცალ-ცალკე რომ ვერ უმკლავდებოდნენ, ჯგუფურად იცავდნენ თავს, რაც შემდეგ ეთნიკურ კონფლიქტში იზრდებოდა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობდა.


ამ დროს კი, ადგილობრივი პოლიცია, რომელსაც ძარცვა-ყაჩაღობა და მსგავსი კანონდარღვევები  კანონის ძალით უნდა აღმოეფხვრა, არაფერს აკეთებდა. სწორედ პოლიციის უმოქმედობა ხდებოდა ეთნიკური კონფლიქტის მიზეზი. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფერს სწორად აღვიქვამდი და განვიცდიდი. იმ პერიოდში დავიწყე პირველად ოცნება ჟურნალისტობაზე. ვფიქრობდი, თუ ჟურნალისტი გავხდებოდი და ასეთი სიტუაციების ობიექტურად გაშუქებას შევძლებდი,  ბევრ პრობლემას მოვაგვარებდი და კარგ საქმეებს გავაკეთებდი. მერე ეს ბავშვური ოცნება რეალობად ვაქციე და გავხდი ჟურნალისტი. რეალურ ჟურნალისტიკაში ის ვარდისფერი სათვალე მალე დავკარგე, თუმცა შემიძლია ვთქვა -  5-წლიანი ჟურნალისტური სტაჟის შედეგად,  ჩემი პროფესიის წყალობით  და სხვისი პრობლემების გაშუქებით,  მაინც მოვახერხე ადამიანების გარკვეული ნაწილის დახმარება და მცირეოდენი კარგი საქმეების კეთება მაინც.


პროფესია

 

სტუდენტობის პერიოდშივე პრაქტიკა საინფორმაციო სააგენტოში გავიარე. ბაია ცანავამ რამდენიმე სტუდენტს შესაძლებლობა მოგვცა, „ინტერპრესნიუსში" პრაქტიკა გაგვევლო. მერეც პრესაში დავრჩი, არადა, ტელეჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი...


„ინტერპრესნიუსში" ბევრი რამ ვისწავლე. ეკა ბახუტაშვილს დავყავდი პრესკონფერენციებზე და ბევრი რამე მასწავლა. მერე „მედიანიუსის" კორესპონდენტი გავხდი. მთავარი რედაქტორ გია ქიტიაშვილთან მუშაობით ძალიან კარგი ჟურნალისტური სკოლა გავიარე. ვმუშაობდი გაზეთ „ყველა სიახლეშიც" - გიორგი კვიტაშვილთან, რომელმაც ასევე ბევრი რამ მასწავლა. ვიტყვი, რომ გიას და გიორგის გაზრდილი ვარ, როგორც ჟურნალისტი. სხვადასხვა პერიოდებში  ვთანამშრომლობდი სხვა საინფორმაციო საგენტოებთან და გაზეთებთანაც.


მიყვარს ჩემი პროფესია, თუმცა, ბოლო წლებში აღმოვაჩინე, რომ ჟურნალისტობაზე უკეთ პიარი გამომდის. განსაკუთრებულად მომწონს კულტურის სფეროზე მუშაობა, ვარ რამდენიმე ცნობილი ფესტივალის, მათ შორის „არტ-გენის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი და ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის, „შავაფროსნების" პროექტების და  ფესტივალების პიარ-მენეჯერი, ეროვნული სამოსის დღის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.


პოლიტიკურ პიარშიც მოვსინჯე ძალები, 2014 წელს ერთ-ერთი სახელისუფლებო პარტიის პრესსამსახურში, თუმცა, მალევე მივხდი, რომ პოლიტიკური პიარი საჩემო არ იყო და  კულტურის და სოციალური თემების  პიარში ბევრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ხშირად მეუბნებიან, ეს საქმე კარგად იმიტომ გამოგდის რომ მთელი გულით აკეთებო. სხვანიარად შედეგს ვერც დავდებ...


ყველგან მეგობრული თანამშრომლები შემხვდნენ. „მედიანიუსში" რამდენიმე წელი ვიმუშავე და დღეს, თანამშრომლების უმრავლესობა ჩემი საუკეთესო მეგობარია. კვირა არ გავა, ერთმანეთი რომ არ ვნახოთ. „ყველა სიახლეშიც" ძალიან მეგობრული თანამშრომლები მყავდა, თან ყველაზე პატარა ვიყავი და ყველა თბილად მექცეოდა.  ზოგადად, არ ვარ კონფლიქტური და ვცდილობ, ყველა ადამიანში კარგი თვისება დავინახო და იმ კარგის გამო ვემეგობრო. თითქმის ყველა სამსახურიდან შემომრჩა კარგი მეგობრები, დღემდე რომ აქტიურად ვმეგობრობ.


ბვერი უცნობი ადამიანისთვის მომიგვარებია პრობლემა სახელმწიფო უწყებებში, რაც ნათესავების და ოჯახის წევრების უკმაყოფილების მიზეზიც კი გამხდარა. ხშირად მსაყვედურობენ სახლშიც კი, რომ ოჯახისთვის ვერასდროს გამოვიყენე ჩემი კავშირები და რესურსი და უცნობ ადამინებს უფრო ვეხმარები, ვიდრე ახლობლებს. არადა, ვინმესთვის რაიმეს თხოვნა მხოლოდ მაშინ შემიძლია, თუკი პირადი სარგებელი არ იკვეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვკომპლექსდები, მრცხვენია და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი თავისთვის რაღაც მოწყალებას ვთხოვ, ამიტომ არასდროს,  არავისთის არ მითხოვია არაფერი.


მორიგ ეტაპზე თავი საავტორო პროექტებით ტელევიზიაში, ან ისევ კულტურის სფეროში  წარმომიდგენია. ამ ეტაპზე ვმუშაობ ერთ-ერთ სატელევიზო პროექტზე. საკმაოდ რეიტინგული შემეცნებითი შოუს იდეა მაქვს და ერთ-ერთ არხს მინდა შევთავაზო, რომელმაც კონკურსი გამოაცხადა. რა გამოვა, ვნახოთ. საკმაოდ დიდი გამოცდილება, კონტაქტები და დიდი რესურსი დავაგროვე.  ვფიქრობ, დროა უკვე, სხვა ეტაპზე გადავიდე და ვმუშაობ ამ მიმართულებით.


„შავფაროსნები"

 

პირველად, როცა პიარში ძალები მოვსინჯე, ჟურნალისტობასთან შეთავსებით, ეს იყო „შავფაროსნები", ქართული საბრძოლო ხელოვების ფედერაცია. მათი სახით საუკეთესო მეგობრები შევიძინე და  ერთად ბევრი საინტერესო და კარგი პროექტი განვახორციელეთ. ქართული კულტურის ამ მიმართულებას, რომელსაც დღევანდელობაში თეატრალიზებული  შოუს ფორმა აქვს, პოპულარიზაცია გავუწიეთ არამარტო საქართველოში, ევროპაშიც. 


ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე, რომელსაც ნახევარ მილიონამდე მაყურებელი ჰყავს Natale di Roma-ზე, საქართველო და ქართული კულტურა სამჯერ წარვადგინეთ „შავფაროსნებმა" და  ფესტივალის მონაწილე ევროპის 30-მდე ქვეყანას შორის, ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველო სამივეჯერ საუკეთესო მონაწილედ აღიარეს. Natale di Roma-ზე  იტალიის დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში 4-კილომეტრიანი კოსტიუმირებული აღლუმით ისტორიული  რომი ცოცხლდება და ყველა ქვეყანა ისტორიული სამოსითა და საბრძოლო აღკაზმულობით აღლუმზე საკუთარ ისტორიას წარადგენს. 


ასევე, იყო დუბლინის ფესტივალი, სადაც „შავფარსონებმა" „სუხიშვილებთან" და ანსამბლ „რუსთავთან" ერთად წარადგინა ქართული კულტურა და დიდი ოვაციებიც დაიმსახურა.  შემდეგ 2013-2014 წლებში თბილისში გავაკეთეთ საკმაოდ მასშტაბური ფესტივალი „ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი და ქართული სამოსის დღე".


„შავფაროსნების" პიარის დროს მივხვდი, რომ ეს საქმე უკეთ გამომდიოდა და ჟურნალისტიკაში ტაიმაუტი ავიღე. მას შემდეგ, ხან ეკოლოგიის და აგროსექტორის თემებზე მომუშავე ფონდის პიარზე ვმუშაობ, ხან ფესტივალების.


მარი ონეზაშვილი და შემოქმედება

 

ბავშვობაში მიყვარდა მხატვრული კითხვა. ვკითხულობდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობებიდან ნაწყვეტებს, ლექსებს... ყველა მირჩევდა, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა, მათ შორის, ჩემდა გასაკვირად, მშობლებიც. ჟურნალისტობა რომ გადავწყვიტე, მაშინაც კი მირჩევდნენ, თეატრალურზე ჩააბარეო.  თუმცა, მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა ჩემს თეატრალურ მონაცემებში და შესაძლებლობებში.


როდესაც უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, პირველი კურსის პირველ სემესტრში უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა კასტინგი გამოაცხადა.  მინდოდა, საკუთარი არჩევანის სისწორე შემემეწმობინა. მაინტერესებდა, შეცდომა ხომ არ დავუშვი, თეატრალურზე რომ არ ჩავაბარე. კასტინგზე გავედი და „ჰელადოსი"  წავიკითხე. რეჟისორს (მაშინ ზაზა წაქაძე იყო) მოვეწონე და  კასტინგის მრავალრიცხოვანი მონაწილეებიდან არჩეულ 15-კაციან გუნდში მეც მოვხვდი, თუმცა, შემდეგ იმედები გავუცრუე, მიუხედავად იმისა, რომ მერე ჩვენმა დასმა ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი" დადგა,  სათანადოდო ნიჭიერი ვერ აღმოვჩნდი და   მხოლოდ ეპიზოდური როლი მივიღე. ასე რომ, მე აღმოვჩნდი სწორი და არა ჩემი ნაცნობები და ნათესავები.


სოფლელი და ქალაქელი

 

ბევრს ვიცნობ თბილისში დაბადებულ-გაზრდილ ძალიან „სოფლელს" და სოფელში დაბადებულ-გაზრდილ „ქალაქელს",  თუ ამ ტერმინებს მათი ინტელექტის, აზროვნების და გემოვნების  შესაფასებლად გამოვიყენებთ. სოფლიდან ყოფნას არ ნიშნავს „სოფლელობას" და  დედაქალაქელობა არ ნიშნავს ქალაქელობას. მე პირადად პროვინციალიზმს ისეთი აზროვნების ადამიანებში უფრო ვხედავ, ვინც ასე აზროვნებს.  


თუკი ვინმეს  რამე ღირებული შეუქმნია ამ სამყაროში, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში, მათი დიდი ნაწილი სულაც არ იყო დედაქალაქიდან და სწორედ ისინი გახდნენ გემოვნების საზღვრების განმსაზღვრელებიც. მე პირადად ყოველთვის ხაზს ვუსვამ ჩემს წარმოშობას. პირიქით, ბევრი რამ მომცა ამან და სხვანაირი გამხადა.

 

მისაბაძი ჟურნალისტი

 

ქართულ მედიაში ბვერი რამ არ მომწონს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არ არის ჟურნალსიტების  ბრალი, სისტემის და არასწორი მენჯემენტის ბრალია. ჟურნალისტების დაუფასებელი შრომის ბრალია.  შესაძლოა,  ჟურნალისტი პროფესიონალი იყოს, მაგრამ მისი კონკრეტული მასალები არაპროფესიონალურად იყოს გაკეთებული,  რადგან არ აქვს შესაბამისი სამუშაო პირობები და მოტივაცია. იმის გამო, რომ მაგალითად ერთ სტატიაში ძალიან მინიმალურ ჰონორარს იხდიან, ბვერი პროფესიონალი ჟურნალისტი ვერ ამზადებს მას სტანდარტების მიხედვით.  ვერ იწერს  ყველა  მხარეს, რადგან არ აძლევენ არც შესაბამის დროს, არც ფინანსებს და არც მოტივაციას. ამასთან მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებს თავზე ახვევენ საკუთარ პოზიციებს და პოლიტიკას. თუ არ იზიარებენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, სამსახურიდან უშვებენ.  ბევრ ჟურნალისტს ვთვლი მისაბაძად და პროფესიონალად,  თუმცა ხშირად ვხედავ, რომ მათაც კი არ ეძლევათ  პროფესიონალური მასალის შექმნის შესაძლებობა. ძალიან მწყინს, რომ  მოდად იქცა ჟურნალისტების ლანძღვა და კრიტიკა.  არადა, მე ხომ ვიცი,  მთელი ამ ფასადის მიღმა რა რეალობაა.  უმეტესად, ჟურნალისტები მსხვერპლნი არიან არაჯანსაღი ქართული მედიამენეჯმენტის  და დაუფასებელი  შრომის.


დღევადელ ქართულ მედიაში ჩემი შეხედულებით, ჟურნალისტურ სტანდარტებს ყველაზე მეტად „ნეტგაზეთი" აკმაყოფილებს. თავისი აკდემიურობით, მიუკერძოებლობით და პროფესიონალიზმით. ჟურნალისტებიდან  გამოვყოფდი ასევე „ნეტგაზეთის" ჟურნალიტს დათო ქოქოშვილს. ვთვლი, რომ დათო საერთაშორისო დონის ჟურნალისტია და აქ მისი შესაძლებლობები იკარგება.


შექება და კრიტიკა

 

გულწრფელი შექება ნიშნავს ჩემი შრომის დაფასებას. უფრო მეტი ენთუზიაზმი  მაქვს ამ დროს და მეტად მოწადინებული ვარ, რომ შექების ავტორს მოლოდინები არ გავუცრუო. ხშირად ხელფასზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის  სწორედ ჩემი შრომის დანახვა და დაფასებაა. მაგ დროს მოვალეობის მიზნით აღარ ვმუშაობ და საქმეც უკეთ გამომდის.  დამსახურებულ კრიტიკას ყოველთვის ვითვალისწინებ და ვცდილობ, მეორედ აღარ  დავიმსახურო... ნებისმიერ შენიშვნას ძალიან ემოციურად ვიღებ და განვიცდი.


ვინ არის  მარი ონეზაშვლი?

 

მარი ონეზაშვილი ვინ არის?  არ ვიცი, ალბათ, უფრო ჩემი მეგობრები, ყოფილი და ახლანდელი კოლეგები უფრო იტყვიან ამას.  


ერთი  შემიძლია ვთქვა - ყველაზე დაბნეული ადამიანი ვარ მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ. ხშირად ხუმრობენ ხოლმე ჩემს დაბნეულობაზე.  ზედმეტად აქტიური და ენერგიულიც ვარ. ერთდროულად რამდენიმე საქმე უნდა ვაკეთო, მხოლოდ ერთი სამსახური და საქმე არასდროს მაკმაყოფილებს. ხშირად ამბობენ, რომ ვარ თბილი და ძალიან მშვიდი ადამიანი, რაზეც პროტესტის გრძნობა მიჩნდება და სულ ვეუბნები, რომ არ ვარ მშვიდი და წყნარი.


ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაც მიჭირს, ეს არის ვინმესთვის რამის თხოვნა. ხშირად, როცა უსამსახუროდ დავრჩენილვარ, მიუხედავდ იმისა, რომ ნახევარ თბილისს ვიცნობ და ბევრი წარმატებული ნაცნობი და  მეგობარი მყავს, ყოველთვის მერიდება მათი შეწუხება. რაზეც მეგობრები სულ მეჩხუბებიან - სხვებს რომ შენოდენა ნაცნობები ჰყავდეთ, ქვეყანას დაიპყობდნენო. უბრალოდ, მგონია, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებ ადამიანს, რაც ყველაზე მეტად არ მინდა... სულ მეშინია, რომ თუ რამეს ვითხოვ - უარს მივიღებ.  საბედნიეროდ, მიმართლებს ხოლმე და ყოველთვის თვითონ მთავაზობდნენ ყველა სამსახურს.   


მიყვარს ჩემი საქმე და ვთვლი, რომ ძალიან მდიდარი ვარ  ჩემი მეგობრებით. მით უმეტეს,  მათ უმრავლესობა საქმიდან შეძენილი მეგობრები არიან და სწორედ მათი გვერდში დგომით ვახერხებ ბევრი რამის გაკეთებას, ცხოვრებაში კი - რთული სიტუაციების გადალახვას...


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი