logo_geo
„ბაბუს" ცხოვრების უცნობი დეტალები... (უცნობი ამირან მურვანიძე)
- +

28 ნოემბერი. 2016. 20:19


 

 

იმდენი რამე მაქვს გადაღებული, ნანახი... მაგრამ ვერ ვყვები. საკუთარ მეუღლესაც კი ვერ ვუყვები - ბევრი რამ ისეთია, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, მათი მოყოლა ქვეყანას ავნებს..."

 

დადის და სამსახურებრივი მოვალეობის დროს შეძენილი ბევრი საიდუმლო დააქვს. პრინციპების და ადამიანების საოცრად ერთგული ადამიანი - აი, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა საუბრის შემდეგ...  ბაბუ - ასე იცნობს მას სრულიად მედია.

 

1981 წელს საქართველოში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჩამოვიდა.  პირველად მაშინ დაიჭირა ხელში მოსკოვიდან ჩამოტანილი მხრის კამერა. სულ 10 წამი უნდა გადაეღო - ასეთი იყო დავალება, მაგრამ ადგილზე ყველა დაიბნა და 10 წამის ნაცვლად, მთელი  30 წუთი გადაიღო. იმავე საღამოს, სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელნუგზარ ფოფხაძეს ინფორმაცია მიაწოდეს - „ამას მხრიდან კამერა არ უნდა მოაშოროთო..."

 

მას შემდეგ 35 წელი გავიდა.  ამირან მურვანიძე  66 წლისაა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტელეოპერატორია, ადამიანი, რომელიც მუდმივად იმსახურებს გარშემომყოფების უდიდეს პატივიცემასდა სიყვარულს.

 

ტელევიზია

 

ერთი ესა, რომ დაბადებული არ ვარ ტელევიზიაში, თორემ დანარჩენი, თითქმის  ყველა წელი ტელევიზიასთან მაკავშირებს. ცოტა არ იყოს „შავ უბანში" ვიზრდებოდი, 4-სართულიან სახლში 14 ბიჭი ვცხოვრობდით ერთ სადარბაზოში. ღამის 3-4 საათამდე  ისე ვიყავით ქუჩაში, დედ-მამა არ ნერვიულობდნენ - ვინ რას გაგვიბედავდა, ისეთი უბანი იყო, მაგრამ  რადგან დიდ დროს ვატარებდი ქუჩაში, მე-9 კლასში, 1965 წელს, გადამიწყვიტეს, მუშაობა დამეწყო.  ასე მოვხვდი „პირველ არხში". მუშაობა დავიწყე გამნათებლად. მას მერე სულ ტელევიზიაში ვმუშაობ.


„პირველი არხის" შემდეგ უკვე „ტელეიმედში" გადმოვედი - სანამ გაიხსნებოდა ტელევიზია, ერთი წლით ადრე მოვედი. ამ ტელევიზიაში თანამშრომლებიდან მეოთხე ვარ.


ტელევიზიის გარდა, არასდროს არსად  მიმუშავია, ეს არის ჭაობი, რომელიც გითრევს და რომელსაც ვერ ტოვებ. თან, მე ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ჩემი საქმე. როცა ცუდად ვარ, სიცხე მაქვს ან რამე მსგავსი, აქ რომ  მოვდივარ, უკვე კარგად ვხდები. მეხალისება მოსვლა.


რამდენჯერმე მთხოვეს ლექციების წაკითხვა, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც მთავაზობდნენ, მაგრამ ვერ ვიცლი. ძალიან ვარ სამსახურზე გადამკვდარი. ოჯახიც ხომ მაქვს? თანაც ოჯახის კაცი ვარ, ოჯახს პატრონობა უნდა, ბაზარში წასვლაც მიყვარს, მეუღლეც მეცოდება  - სამი ბიჭი მყავს და დღედაღამ იმუშაო და შეაკვდე - არ შემიძლია.

 

ბავშვობა

 

ლანჩხუთში ვარ დაბადებული. 2 თვის ვიყავი, თბილისში რომ ჩამომიყვანეს. ნაშვილები ვარ.  დედაჩემი და მამაჩემი გურიაში ცხოვრობდნენ. როდესაც მამაჩემი გაშორდა დედაჩემს, დეიდამ მიშვილა. მისი მეუღლე, ბიძაჩემი რუსი იყო, ომის ინვალიდი. საკუთარი შვილი არ ჰყავდათ. დაახლოებით, პირველ-მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ეს ამბავი გავიგე. ნამდვილი და-ძმა მყავს და მათ მითხრეს. მანამ დედას ვეძახდი დეიდას და დეიდას - დედას. სულ მიკვირდა, როდესაც ცუდად ვიყავი, რამე მაწუხებდა, მტკიოდა - დეიდა რომ დამადებდა ხელს, მიყუჩდებოდა... რას ვიფიქრებდი, რომ დეიდა კი არა, დედა იყო.


პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ საცხოვრებელი ადგილების შეცვლასთან ერთად სკოლების შეცვლაც მომიწია. გადასარევი მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ იყო საგნები, რომლებსაც კარგად ვსწავლობდი. როგორც მაშინ იტყოდნენ, ოთხოსანი ვიყავი.


რაც შეეხება შატალოებს - უმეტესად მე ვიყავი მოთავე. ყველაზე დასამახსოვერებლი შატალო იყო წყნეთი - საგუნდაოდ წავიყვანე მთელი კლასი. ერთ-ერთმა კლასელმა „ჩამიშვა", მოთავე რომ ვიყავი და მაშინ სკოლიდანაც გამრიცხეს და კომკავშირიდანაც. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი - სკოლიდან გამრიცხეს, კარგი, გამრიცხეს, მაგრამ როგორ ვუთხრა მშობლებს, კომკავშირიდან რომ გამრიცხეს-თქო. ასე დასრულდა ჩემი პარტიული „მოღვაწეობა", მას მერე, არც ერთ პარტიას არ ვეკარები ახლოს.


ინსტიტუტი

 

1968 წელს ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა - პუშკინში. დღე ვსწავლობდი და ღამით ვმუშაობდი. სხვათაშორის, პირველი ხელფასი ტროლეიბუსში მომპარეს.  მაშინ 16 წლის ვიყავი.


ოჯახი

 

მყავს მეუღლე - რატომ გამომყვა, არ ვიცი... საუკეთესო მოსწავლე იყო, უნივერსიტეტიც მედალზე აქვს დამთავრებული. მეცნიერ-მუშაკია. კარგი დედა და სამაგალითო მეუღლეა. ყველა ამბობს - ოჯახი ასე უნდა გქონდესო, ამდენი წლის განმავლობაშიც ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მე გურული ვარ, ის - მთიული.


31 წლის ისე გავხდი, არც კი მიფიქრია ოჯახის შექმნაზე. მოსკოვში წელიწადში 7-8-ჯერ რომ ჩავიდოდი, ეს მეგონა, რომ ცოტა იყო და იქ რას ვაკეთებდი და როგორ ვერთობოდი, არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. ამჟამინდელი ცოლისდა მეგობრობდა ჩემს დისშვილებთან და მან გამაცნო ჩემი ამჟამინდელი მეუღლე. მომეწონა და დღემდე ჩემი მეუღლეა. წელიწადნახევარი არ გვყავდა შვილი და დღეს უკვე სამი ბიჭი გვყავს.


სიყვარული

 

ჩემი ბავშვობისდროინდელი შეყვარებულები დღეს ცნობილი ქალები არიან და დეტალურად ვერ მოგიყვებით. ერთ-ერთი მინისტრის მეუღლეა, მეორე ცნობილი მსახიობია. ვერ ვიტყვი, ვინ არიან - „ტეხავს"...


ღალატი

 

მე ერთი, ჩვეულებრივი ქართველი კაცი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ანგელოზი ვარ და გვერდზე არასდროს გამიხედავს. ათასი მივლინებაა, მიყვები ახალგაზრდებს, ვერთობი... რა ვქნა... ეს ისეთი სფეროა, ძალიან გაგიჭირდება ადამიანს თავის შეკავება. მაცდური სიტუაციებია. თანაც, ქალმა არ უნდა მოგცეს მიზეზი. ქალმა თუ გაიხადა და სტიმული მოგცა, რა ჯანდაბა უნდა ქნა?! მაგრამ სახლში არასდროს მიმიყვანია ვინმე, იქ, სადაც მეუღლესთან ერთად ვწევარ.


პოლიტიკა

 

სააკაშვილს დეპუტატობიდან ვიცნობ. კაბინეტში ჩავიკეტებოდი ხოლმე და გამომწურავდა ყველა სახის ინფორმაციას - სად და რატომ უნდა დაემაგრებინა მიკროფონი, ზურგი რას უნდა აქციო, რას არა... გადამღეჭა. ყველაფერი ის აითვისა, რაც ოპერატორმა უნდა იცოდეს. ქვეყანა კი დაღუპა, მაგრამ ნიჭიერი არის. 


არველაძე იყო ტელევიზიის უფროსი. მიშას უთხრა, 60 წელი რომ მისრულდებოდა. მიშამ თავი გაიგიჟა - 200-კაციანი სუფრა გამიშალეს რესტორანში. ღირსების ორდენი გადმომცეს. მგონი,  ოპერატორი ასე ამ ქვეყანაში არ დაფასებულა. 


დღევანდელი მთავრობის მიკვირს. ყველა მოვლენის ეპიცენტრში ვარ ხოლმე, უამრავი რამ კეთდება, ხალხი აზრზე არაა. შე დალოცილო, გააკეთე და ხალხს მიაწოდე, გააგებინე, რა გააკეთე. იმდენ კარგ ამბავს შევსწრებივარ და არავის გაუშუქებია და ვისაც გაუშუქებია, სულ რამდენიმე წამით. პიარი არ აქვთ, სუსტები არიან ამ მხრივ და ეს ძალიან ცუდია. აკეთებთ და ვის ემალებით ან რას ემალებით?


მე ბევრ განსხვავებას ვხედავ წინა და ამჟამინდელ პერიოდს შორის. მარტო ის რად ღირს, რომ ვისაც რა გინდა, იმას ეუბნები და რაც გინდა, იმას ამბობ. წინათ, საკუთარ შვილებს ვერ ველაპარაკებოდი ტელეფონზე - მეც კი „დამირხევდნენ", იმის მიუხედავად, რომ ამირანი ვარ.  

 

 

დასამახსოვრებელი ისტები

 

რაც კი რამ კონფლიქტი ყოფილა ქვეყნის ისტორიაში, 1988 წლის „ნოემბრის შიმშილობიდან" სულ ქუჩაში ვარ. აფხაზეთი, ოსეთი, ჩეჩნეთი, ერაყი, ავღანეთი, უკრაინა - ყველა ომის მონაწილე ვარ, როგორც ოპერატორი, აბა, ისე ცხოვრებაში, სანადირო თოფიც არ მისვრია.


ყველაზე დასამახსოვრებელი, 1988 წლის ავღანეთის ომი იყო. ახალ წელს წავედი ავღანეთის ომში და აი, იმას ვერ ვიშორებ დღემდე თავიდან. მახსენდებიან ქართველები დაავადებულები სხვადასხვა დაავადებებით - ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის დაავადებებით და ა.შ. 5-6 დღით გაგვიშვეს და 16 დღე მოგვიწია დარჩენა, იმიტომ, რომ ჩვენი ქალაქი დაბომბეს. ბოლოს გვითხრეს - ერთადერთი გამოსავალია, თუკი „ჩორნი ტულპანში" მოთავსდებით, ცხედრებზე დასხდებითო და მაგ თვითმფრინავით ვიმგზავრეთ... მეც ადამაიანი ვარ, ჩემზე ძალიან იმოქმედა იმ ყველაფერმა და იმ კადრებს ვერ ვიშორებ თავიდან.


აგვისტოს ომზე ჩემი საიდუმლო მაქვს, რომელსაც ვერ ვყვები.  მაშინ 4 ცხედარი მაქვს გადაღებული საკუთარი ხელით მარნეულის აეროპორტში. აეროპორტი დაბომბეს. ასაფრენად გამზადებულ ჩვენს ორ თვითმფრინავს პირდაპირ კაბინაში მოხვდა ბომბი, ააფეთქეს. მფრინავები მყავს ნანახი საკუთარი თვალით - ზოგს რომ კიდურები არ ჰქონდა, ზოგს თავი... საღამოს კი გამოვიდნენ ჩვენი მხედართმთავრები და ამბობდნენ - ჩვენ, ახლა როკის გვირაბს ვუტევთ და ჩვენგან არც ერთი მსხვერპლი არ არისო. მაშინ ვფიქრობდი, აბა, მე რა გადავიღე, ის გარდაცვლილები ხომ არ მომეჩვენა-თქო... მერე ის კადრები უშიშროებამ გააქრო. ისე, როგორც 26 მაისის მიტინგის დარბევის ამსახველი კადრები. მახსოვს, ყველა - პოლიციელები, „მასკიანები" და „უმასკოებიც" სახელით მომმართავდნენ - ბაბუ, გაიწი, ის არ გააკეთო და ეს არ გააკეთოო ... მაშინ ვიფიქრე, ახლა შენი გადაღების დროა-თქო და ყველაფერი გადავიღე დეტალურად, მაგრამ ეს ფირიც გააქრეს.


ერთი პრინციპია - მე უამრავი რამ მაქვს გადაღებული, უამრავი რამის მომსწრე ვარ, მაგრამ გადაღებულს არასდროს ვინახავ. ვთვლი, რომ ის, რასაც მე ვიღებ, ამირანის კი არ არის, ეს არის იმ ტელევიზიის, სადაც მე ვმუშაობ. მე არანაირი უფლება არ მაქვს, ეს კადრები გავყიდო, სხვას მივცე ან რამე.


რა აკლიათ ადამიანებს?

 

ადამიანებს აკლიათ სამშობლოს სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. მაინცდამაინც 9 აპრილი უნდა მოხდეს, რომ ერთად დავდგეთ? მეც ადამიანი ვარ, ამდენი ომი მაქვს ნანახი და პატარა რამეზეც ცრემლები მდის, მაგრამ ვცდილობ, სხვას არ დავანახო.


ბოროტი არ უნდა იყო. სხვისი ცუდი არ უნდა გიხაროდეს. ბოროტებას  არასდროს გავაკეთებ, მე ჩემი პრინციპები მაქვს. თუმცა, ალბათ მინდობენ ამ დრომდე, არ მქონია ასეთი შემთხვევა, რამე ისეთი დავალება...


მედროვე არ უნდა იყო ადამიანი. აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ირინა სარიშვილის მჯეროდა და ცოლი დამცინოდა.  


ბაბუს რჩევები

 

როცა ამ პროფესიის მატარებელი ადამიანი ხარ, ყველასთან უნდა შეგეძლოს კონტაქტი - მინსტრთან, მათხოვართან, მძღოლთან, მეხანძრესთან... საერთოდ ყველასთან. თუ ამას აკეთებ, ინფორმაციაც გაქვს ბევრი.


ქალი არ უნდა იყოს უზომოდ ბოზი და კაცი - პირწავარდნილი ნარკომანი.

 

ვინ არის ამირან მურვანიძე? - თვითშეფასება

 

ოჯახი მაქვს მშვენიერი, ჯანმრთელები არიან. სახლ-კარი მაქვს, მანქანა, სამსახური. ჩემი ასაკის ცოტა მუშაობს. ყველაფერი ნორმალურად მიდის. ამაზე მეტი არც მინატრია, ქუჩაში გადაგდებული ფულიც კი არ ამიღია და ჯიბეში არ ჩამიდვია. სხვის საქმეში ცხვირი არ ჩამიყვია.

განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი სამსახური, სადაც მაძლევენ ექსპერიმენტების ჩატარების თავისუფლებას, რომლებიც ამართლებს. კონკურენციას ბოროტებით არ უნდა გაუმკლავდე. ცოდნით უნდა აჯობო და არა ვინმეს „გაფუჭებით".


გული არაფერზე მწყდება. რაც შემეძლო, ჩემი ოჯახისთვის და სამშობლოსთვის გავაკეთე და კმაყოფილი ვარ.




 

big_banner
არქივი