logo_geo
გია ცაგარეიშვილი: პრემიერის ხელმძღვანელობით, ხვალ ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, ცნობილი გახდება, რას აპირებს მთავრობა ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად
- +

26 ნოემბერი. 2023. 22:21

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ გაიმართება ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

 

ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს.

 

„ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორის კომისიაში წარმოდგენილია უკლებლივ ყველა მინისტრი, თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობიდან. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც აგრეთვე თავიდანვე ჩართული იყვნენ ამ პროცესში. შეიკრიბება კომისია, სადაც თავს მოიყრიან ის ადამიანები, რომლებიც იზრუნებენ უკვე ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე. შესაბამისად, გამომზეურდება გეგმა, რას ვაკეთებთ ჩვენ უკვე 2024 წელს. დაიდება კონკრეტული თარიღები და გამოჩნდება კონკრეტული განზრახვები, როგორ მივდივართ ევროპისკენ უფრო თამამი, სწრაფი ნაბიჯებით. სხვანაირად ვერც იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობა არის ხალხის ნების აღმსრულებელი და იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ერთი წელი საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშაოთ და მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სხდომა იქნება და ორშაბათს დღის მეორე ნახევარში გეცოდინებათ „ქართული ოცნების“ კონკრეტული გეგმა, რას აპირებს ის და მისი როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდი, რომ ცხრა რეკომენდაცია შესრულდეს, ჩვენ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ კავშირს. იმედი გვაქვს, რომ კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან, დაჯგუფებებიდან, თუ ფრაქციებიდან აქტიურად ჩაერთვებიან და დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაში, ყოველ შემთხვევაში, ხელს მაინც არ შეგვიშლიან ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წელი საარჩევნო წელია და მათი ისედაც განულებული რეიტინგი საერთოდ განადგურდება, როდესაც ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად გაიგებს, რომ ეს ადამიანები ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებენ ამ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ვფიქრობ, ახლა ამ მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველა და ერთობლივად წავიყვანოთ ეს ქვეყანა წინ. თუ ამის შნო და ლაზათი ამ ადამიანებს აქვთ , კარგია, თუ არა – მაგათ გარეშე გავაგრძელებთ სვლას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი