logo_geo
დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
- +

28 ნოემბერი. 2023. 00:17

"დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

დავით სონღულაშვილმა, ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა ირლანდიის რესპუბლიკის შესყიდვებისა და ელექტრონული მმართველობის, კომუნიკაციებისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ოსიან სმიტთან.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის ეფექტიანობაზე და ამ კუთხით ირლანდიური გამოცდილების თაობაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და მნიშვნელობას.

 

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მინისტრ ჯეკ ჩამბერთან. მასთან საუბრისას აღინიშნა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალი. ასევე, აღინიშნა ყველა კატეგორიის ავტოტრანსპორტისთვის ქართული მართვის მოწმობების აღიარების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი.

 

 

ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ირლანდიის პარლამენტის ტრანსპორტის კომიტეტთან, საერთაშორისო ურთიერთობათა, წარმოებისა და ბიზნესის კომიტეტებთან. მათთან საუბრისას, ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის მიცემის თაობაზე. ირლანდიელ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრისას, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და მთავრობის მიერ შექმნილ მიმზიდველ ბიზნეს გარემოზე. ხაზი გაუსვა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას, როგორც ბიზნესისათვის დიდ ბაზრებთან წვდომის ხელსაყრელ ფაქტორს.

 


შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს ირლანდიელ ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით.

big_banner
არქივი