logo_geo
ეკა სეფაშვილი: მნიშვნელოვანია პროფესიული და უმაღლესი განათლების მორგება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან, ბაზრის შემდგომი განვითარების განჭვრეტა და ამ მიმართულებით უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება
- +

29 ნოემბერი. 2023. 01:13

„მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და გიორგი ამილახვარს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა.

 

 

სეფაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სასკოლო განათლებაში არის საშინაო დავალება, განსაკუთრებით, დაწყებითი განათლების საფეხურზე. ამიტომ, დეპუტატმა რეკომენდაციით მიმართა სამინისტროს, მაქსიმალურად შეიზღუდოს საშინაო დავალების მიცემა მოსწავლეებისთვის, რათა მათ მეტი დრო ჰქონდეთ სხვადასხვა წრეზე სიარულისა თუ დასვენებისთვის.

 

 

სეფაშვილმა ასევე, ისაუბრა პროფესიულ განათლებაზე და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, პროფესიულ განათლებაში მიღებული კრედიტების ასახვა მოხდეს საბაკალავრო პროგრამების 240 კრედიტში, სადაც ეს შესაძლებელია.

 

 

დეპუტატის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია პროფესიული და უმაღლესი განათლების მორგება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბაზრის შემდგომი განვითარების განჭვრეტა და ამ მიმართულებით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რადგან მათ უკვე სერიოზული გამოცდილება აქვთ და ამ გამოცდილების გაზიარება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

 

 

გარდა ამისა, ეკა სეფაშვილმა მიმართა რეკომენდაციით განათლების მინისტრს, რომ სახელმწიფომ გაზარდოს სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა და მასწავლებელთა მობილობის დაფინანსება.

big_banner
არქივი