logo_geo
ალექსანდრე ძნელაძე: სებ-ის გადაწყვეტილებები საბანკო სისტემაზე წნეხს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს
- +

29 ნოემბერი. 2023. 15:39

 

 

საქართველოს საბანკო ასოციაცია სებ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება და მიაჩნია, რომ კონტრციკლური ბუფერის ეტაპობრივი დაგროვება და  უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარის შემცირება საბანკო სექტორზე დადებით ასახვას პოვებს.

 

„სებ-ის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. იზრდება ბანკების ლიკვიდობა და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

 

საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი, რომ კონტრციკლური ბუფერი შემდეგი 3 წლის განმავლობაში შეივსება და არა ერთბაშად, ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნებოდა საბანკო სისტემისთვის. საბანკო სისტემის ხარჯიანობაზე და ასევე ხელშეწყობის ნაწილში სარეზერვო ნორმის შემცირება კი კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს წნეხს იმ მოზიდულ უცხოურ ვალუტაზე, რომელიც საბანკო სისტემას აქვს დღევანდელი მდგომარეობით“, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

 

მისივე თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით კომერციულმა ბანკებმა  სებ-ს არაერთხელ მიმართა. ძნელაძე აღნიშნავს, რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა შეფასებების და სამომავლო გადაწყვეტილებების მოლოდინიც შექმნა.

 

„ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და გარკვეულწილად აღნიშნული ნაბიჯები კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ სებ-ი კიდევ უფრო მდგრადად აფასებს საბანკო სისტემას და მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით მეტი ნაბიჯები გადაიდგმება სამომავლოდ. რეალურად ჩვენ ველოდებით მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შემსუბუქებას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მომავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამცირებს წნეხს  საბანკო სისტემაზე“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

 

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ   საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს. ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც.

 

ეროვნული ბანკი დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად კი საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობს განაგრძობს.

 

 

big_banner
არქივი