logo_geo
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც არ შეიძლება დაიკითხოს ის შშმ პირი, რომელსაც არ შეუძლია სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია, ან მისცეს ჩვენება
- +

29 ნოემბერი. 2023. 23:32

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით - 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

 

 

კანონპროექტით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის თანახმადაც არ შეიძლება გამოიკითხოს, ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.

 

 

ამავე დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი უნარი სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 


მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საუკეთესო სტანდარტად მიიჩნევა, როდესაც ასეთ პირებს, მათი შესაძლებლობების მხედველობაში მიღებით, ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში დაუბრკოლებლად მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ, თუ ეს არ არის რაიმე ობიექტური და გადაულახავი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვა და ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ერთვება სხვა ტიპის ვალდებულებები.

 

 

მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელია, რომ მოწმედ, ან მხარედ მონაწილეობას იღებდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი და კანონმდებლობა ამის გარანტიას უნდა იძლეოდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

big_banner
არქივი