logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციას არც აქამდე ჰქონდა არგუმენტი, თუ რატომ არ იღებდა მონაწილეობას 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში და არც მომავალში ექნება
- +

29 ნოემბერი. 2023. 23:44

"მგელთან შესვლა ოპოზიციას ნამდვილად არ სჭირდება, მათ უბრალოდ სჭირდებათ, რომ თავისი ფუნქციები, რომელიც მათ აქვთ დაკისრებული როგორც პარლამენტის წევრებს, შეასრულონ. მაგრამ მათ არც კომპეტენცია ჰყოფნით ამისთვის, არც ცოდნა და არც გამბედაობა. მე ნამდვილად არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ისინი საკუთარ ზნეს შეიცვლიან და ახალი წლიდან აქტიურად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში"- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„თუმცა, მე არ მინდა მთელი ოპოზიცია ერთ ქვაბში მოვხარშოთ. არიან გარკვეული ძალები ოპოზიციაში, ვინც 12 პუნქტის შესრულების დროს კონსტრუქციულად თანამშრომლობდა. ეს ადამიანები ალბათ მომავალშიც ითანამშრომლებენ, სამუშაო ჯგუფებშიც იქნებიან და კომიტეტის სხდომებსაც დაესწრებიან, მაგრამ ის რადიკალური ნაწილი, რომელიც დედაქალაქ-დედაქალაქ დადიოდა, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოდიოდა და სთხოვდა ჩვენს პარტნიორებს საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ, ამ ადამიანებისგან მე მოლოდინი არ მაქვს, რომ უცებ გარდაიქმნებიან და ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში“, - განმარტა სამხარაძემ.

 

 

მისივე თქმით, ოპოზიციას არც აქამდე ჰქონდა არგუმენტი, თუ რატომ არ იღებდა მონაწილეობას 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში და ის არც მომავალში ექნება.

 

 

„მათ არ აქვთ არჩეული სწორი სტრატეგია. მე არ ვიცი ვინ უგეგმავს მათ ამ სტრატეგიას, თუმცა, კარგია ვინც უგეგმავს, ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს და მათი რეიტინგი მუდმივად მცირდება, ჩვენი კი იზრდება. კი ბატონო, გააგრძელონ ასე. მათი ეს ქმედება ყოველგვარ ლოგიკასა და აზრს არის მოკლებული და თავისთავად შედეგებიც აჩვენებს ამას“, - აღნიშნა სამხარაძემ.

big_banner
არქივი