logo_geo
შალვა პაპუაშვილი: FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტაციების შემდეგ დადასტურებულად ვიცით, რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე
- +

30 ნოემბერი. 2023. 15:56

 

 

„FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტაციების შემდეგ ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, FARA-ს ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატიები იწერებოდა.

 

„როდესაც საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და, ზოგადად, საქართველოს, აქ პოლიტიკური კორუფცია დადასტურებულია, არამხოლოდ ის, რომ მედიაში ხდებოდა შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება, ეს პირდაპირ ვიცით ანგარიშიდან, რომ შეკვეთილი იყო სტატიები. ასევე ვიცით, რომ ლობისტების მუშაობის შედეგი იყო, რომ ისინი პირდაპირ უწერდნენ რეზოლუციის ტექსტებს ზოგიერთ ევროპარლამენტარს და ევროპარლამენტმა ლობისტების მიერ დაწერილი ტექსტები მიიღო რეზოლუციის სახით, რაც არის დიდი სირცხვილი, რის შედეგადაც დეზინფორმაცია აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ FARA-ს დოკუმენტაციიდან, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან და ა.შ. ეს არის ტიპური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც სამწუხარო გამოწვევა არის ევროკავშირის ზოგიერთ სტრუქტურაში. ამიტომაც არის მოწოდებები, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის ევროპარლამენტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინიციატივა არსებობს. სამწუხაროდ, ეს თემატიკა ჯერ გაუმჭვირვალე არის ევროკავშირის სივრცეში, თუმცა, აშშ-ის კანონმდებლობის წყალობით, ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეჭვები არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ ჯაჭვთან, რომელიც მიგვიყვანს ლობისტებამდე. დაველოდოთ ცოტა ხანი და დარწმუნებული ვარ, FARA-ს შემდეგ დოკუმენტაციაში ასეთი საკითხები ამოტივტივდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი