logo_geo
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა
- +

1 დეკემბერი. 2023. 00:41

"2023 წლის 30 ნოემბერს, ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა," - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიულოცა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

შეხვედრისას მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის განვითარებულ მეგობრულ და ახლო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

 

 

ამ კუთხით მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წელს თბილისში, ნორვეგიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოში ნორვეგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია.

 

 

ამასთან, საუბარი შეეხო სექტორული თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებულ მაღალ პოტენციალსაც.

 

 

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ნორვეგიას, როგორც ერთი-ერთ მსხვილ საერთაშორისო დონორს, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებას.

 

 

შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

big_banner
არქივი