logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო
- +

9 ივლისი. 2017. 19:50


„ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში. ჩვენი ოპონენტები ამაზე ავრცელებენ ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს, რომ ჩვენ ეს საკითხი თითქოსდა აღარ გვაქვს პირველი და თავიანთი სხვადასხვა გამოკითხვის მეშვეობით ცდილობენ, ეს საკითხი გადაიტანონ მეორე, მესამე და ა.შ შრეში. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას, ეს იყო ჩემი უმთავრესი თემა. მე იქ ხაზგასმით აღვნიშნე - ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, არ დაიჯეროთ არც ერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მეორე, მესამე ან უფრო ქვედა რიგის საკითხი. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველ საკითხად ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. ეს იყო ჩემი სიტყვები. მინდა, ეს თქვენ იცოდეთ, რადგან ეს არის სიმართლე. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ 135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი, დაკარგული გახლავთ არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად. და ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე - რა თქმა უნდა მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. ჩვენ არავითარ შემთხვევაში აღარ მივცემთ არავის საშუალებას, იმ ადამიანებს, და ადამიანები არ იცვლებიან, რომლებმაც 26 წელი ჩაკეტილ წრეზე ატარეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ამ წრეზე შეგვიყვანონ. ეს არის გამორიცხული. ძნელია, მაგრამ ცივი გონებით, ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს", - განაცხადა პრემიერმა.



 

big_banner
არქივი