logo_geo
არჩილ თალაკვაძე: არავითარი შემოწირულების პრობლემა არ იქნება - ვისაც უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, შესწირავს და დააფინანსებს
- +

7 დეკემბერი. 2023. 23:58

 

 

რასაც თვითონ ითხოვდნენ, ახლა კეთდება ის, თუმცა უკვე საპირისპირო პოზიციაზე არიან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს ეხებოდა.

 

„იგივე გააკეთეს დეოლიგარქიზაციის კანონზეც, როდესაც ამბობდნენ, ხელისუფლება ვერ გაბედავს ამ კანონის მიღებას, მაგრამ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ამ კანონის მიღებაო. კანონი შევიტანეთ თუ არა პარლამენტში, მეორე დღესვე თქვეს, რომ ხელისუფლება დრაკონულ კანონს იღებსო. ევროკავშირში ჩავიდნენ და ითხოვდნენ, იქნებ მთავრობა დაარწმუნოთ, რომ ეს მთავრობა აღარ მიიღოსო. ამ ხალხს ელემენტარული თანმიმდევრობა აკლია. არავითარი შემოწირულების პრობლემა არ იქნება - ვისაც უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, შესწირავს და დააფინანსებს. არავითარი ბარიერი არ იქნება ამ კუთხით. რაც შეეხება კომპანიების შეზღუდვას, ეგ უფრო ჩვენთვის არის შეზღუდვა, თორემ ნაცმოძრაობას არცერთი ბიზნესი არ ენდობა ამ ქვეყანაში. გარდა იმ ბიზნესებისა, რომელიც მათ აქვთ შემორჩენილი. ჩვენ ვიწესებთ თვითშეზღუდვას და არა ნაცმოძრაობა და ოპოზიცია. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მრავალი წლის და ბევრი პოლიტიკური თაობის ოცნება ავასრულეთ, როცა შემოვიტანეთ პარტიების დაფინანსების მექანიზმი“, -აღნიშნა თალაკვაძემ.

 

პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

 

big_banner
არქივი