logo_geo
ვანო ზარდიაშვილი: ევროსაბჭო აფინანსებს ჩვენს შეხვედრას - მოვიდეს „რუსთავი 2“ და გადაიღოს!
- +

12 ივლისი. 2017. 00:49

 


„ეს შეხვედრა შედგა  არა მთაწმინდის რესტორანში, არამედ რესტორან „კოლხეთში". გვერდით მაგიდასთან იჯდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი  მარიამ გაფრინდაშვილი.  მარიამი  შესვლისთანავე დავინახე და მივესალმე კიდეც. როგორ ფიქრობთ, როცა ზუტად ვიცოდი, რომ გაფრინდაშვილი,„რუსთავი 2"-ის ის ჟურნალისტი გახლდათ, რომელიც სასამართლო თემებზე მუშაობს, ჩვენს გევრდით  მაგიდასთან იყო და მე ასეთი  „საიდუმლო სერობა" მოვაწყე? ეს არ იყო ფარული და დახურული სივრცე. ეს შეხვედრა შედგა ღია ტერასაზე, სადაც 600-მდე მოქალაქე იჯდა. არაფერ საიდუმლო სერობაზე არ იყო საუბარი. უბრალოდ ვვახშმობდით. იმდენი ჭკუა გვყოფნის, რომ თუ რაიმე საიდუმლოზე ვსაუბრობთ, მარიამ გაფრინდაშვილის გვერდით არ ვილაპარაკოთ", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს გამოეხმაურა. როგორც აღნიშნული ტელევიზიის მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, „კურიერმა" ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო მოიპოვა, სადაც ლევან მურუსიძის შემცვლელი, გიორგი მიქაუტაძე უმრავლესობის დეპუტატთან ვანო ზარდიაშვილთან  და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად არის აღბეჭდილი. როგორც რეპორტაჟიდნ ირკვევა, ერთსაათიანი საუბარი მთაწმინდაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის წინ შედგა. ზარდიაშვილი „რეპორტიორისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ასევე აღნიშნავს, რომ 13 ივლისს, ქობულეთში ევროსაბჭოს დაფინანსებით სასამართლო სისტემის რეფორმასა და სტრატეგიებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება და ნიკა გვარამიას მოუწოდებს, ჟურნალისტები გაუშვას აღნიშნული შეხვედრის გასაშუქებლად.


„სხვათაშორის, აქვე გეტყვით, რომ 13 ივლისს, ქობულეთში ევროსაბჭოს დაფინანსებით ვიკრიბებით სასამართლო სისტემის რეფორმასა და სტრატეგიებთან დაკავშირებით. სადაც ვიქნებით მეც, ეკა ბესელიაც, გვენეტაძეც, ევროსაბჭოს წარმომადგენელიც, ძირითადი მნიშვნელოვანი პარტნიორები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მათი თანდასწრებით ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ არსებულ საკითხებზე, გამოწვევებზე. დასამალი უნდა მქონდეს რამე? მინდა მოვუწოდო „რუსთავი 2" -ის ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს - გამოუშვან ფოტოგრაფები, ნორმალურ ფორმაში გადაგვიღონ ფოტოები... გიმეორებთ:  ეს არ არის დახურული ურთიერთობები. პირადად მე, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მევალება ყველა სახელმწიფო ორგანოს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა.  ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

 

მოვუწოდებ პროვოკატორ ნიკა გვარამიას, გამოუშვას თავისი ჟურნალისტები და 13 ივლისის შეხვედრაც გადაიღოს, სადაც ოფიციალურად ვხვდებით და ევროსაბჭო აფინანსებს ჩვენს შეხვედრას. მე დღის განრიგსაც გამოგიგზავნით და გამოაქვეყნეთ, რა შეხვედრაზეც არის საუბარი", - განაცხადა ზარდიაშვილმა.









 

big_banner
არქივი