logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ყველა გზას მივმართავთ, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან
- +

13 ივლისი. 2017. 11:29


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, როგორც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში და ვითარების ესკალაციის პრევენციაში. პრემიერის თქმით, ამ მხრივ დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს და ჩართულობის პროგრამებს.

 

„სამწუხაროდ, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. პერნამენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებით თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით. ამასთან ერთად, მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონიოს მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მშვიდობიანი გზით მოწესრიგებასთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას.


„მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი