logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე, გვჭირდება დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება
- +

12 თებერვალი. 2024. 11:31

 

 

„გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა,  უსაფრთხოების მეტად გაძლიერება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად საჭიროა, რომ მთავრობის საქმიანობა ძალიან მყარ პრინციპებს ეფუძნებოდეს.

 

„ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე განათლების, ჯანდაცვის, სოციალური სისტემების გაძლიერება, ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდების მიმართულებით. ბუნებრივია, ასევე საჭიროა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების მეტად გაძლიერება. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის სხვა შესაბამისი მექანიზმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი