logo_geo
პეტრო პოროშენკო: საქართველოს წინააღმდეგ იყო პროვოკაციები!
- +

18 ივლისი. 2017. 23:42


უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა რუსეთთან პოლიტიკურ-დიპლომატიური დიალოგის შენარჩუნებაა. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 


კითხვაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში ომისა და ყირიმის ანექსიის მიუხედავად, უკრაინას მაინც აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ამ საკითხზე ბევრი კრიტიკული შენიშვნა ისმის, რატომ გრძელდება ეს ურთიერთობა, უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილებას ითვალისწინებენ.

 

„იმიტომ, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს გამოცდილებას. ვფიქრობ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის რუსეთთან პოლიტიკურ-დიპლომატიური დიალოგის შენარჩუნება.

 

საქართველოს შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. საქართველოს წინააღმდეგ იყო პროვოკაციები", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


კითხვაზე, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად იმეორებს, რომ არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამი საელჩოს არსებობას, იგულისხმება აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში არსებული რუსეთის საელჩოები, ასევე თბილისში, უკრაინის პრეზიდენტი პასუხობს:


„ეს განმარტება მისაღებია. რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიები ანექსირებულია და ორ-ნახევარი წელია, ქვეყანაში არ გვყავს რუსეთის ელჩი. ამ სიტუაციაში გამოვიყენებთ ნებისმიერ დიპლომატიურ არხს მოლაპარაკებებისთვის, რათა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების რეინტეგრაცია, შეწყდეს ომი და უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს", - აღნიშნა პოროშენკომ.


პოროშენკოს განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობებს ზიანი რუსეთის აგრესიით მიადგა და ეს განახორციელა პუტინმა - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა კითხვას: ამის გათვალისწინებით, როგორია უკრაინის და რუსეთის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივა.


„ვფიქრობ, ეს არის სრულად რუსეთის პასუხისმგებლობა. უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობებს ზიანი რუსეთის აგრესიით მიადგა და ეს განახორციელა პუტინმა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ საზარელი ტრაგედიის 3 წლისთავი, როდესაც რუსეთის მიერ გამოგზავნილი ბუკის ტიპის სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი. ამ ტერორისტულ თავდასხმას შეეწირა 298 უდანაშაულო ადამიანი. ვინ აკეთებს ამას? ჩემი აზრით, ტერორისტები და ბანდიტები. ვინ არის პასუხისმგებელი 400-ზე მეტ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელდა? რა თქმა უნდა, ტერორისტები. ამ სიტუაციაში, თუ რუსეთი გაიყვანს ჯარს, თუ ჩვენ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ ყველაფერს გავაკეთებ, რათა რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზება სწრაფად მოხდეს", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი