logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამია არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი, არავის უნდა, მოსიარულე ანტირეიტინგი თავის ოფისსა და სივრცეში შეუშვას
- +

21 თებერვალი. 2024. 14:59

 

 

ნიკა გვარამია არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ სცენაზე ვის ოფისსაც არ მიაკითხავს, ვისზეც არ გააკეთებს განცხადებას, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის თუ ლიდერისთვის, ეს არის თავის ტკივილი და პრობლემა.

 

„არავის უნდა, მოსიარულე ანტირეიტინგი თავის ოფისში, სივრცეში შეუშვას. რაც შეეხება მის განცხადებას, დაველოდებით, რა იქნება პასუხი. როგორც ჩანს, ესეც არის ერთგვარი სატესტო განცხადება. ერთი რამ ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა 2“-ის ჩამოყალიბების პროცესში ხელოვნურად დაშლილი და პირველი „ნაცინალური მოძრაობიდან“ გამოქცეული დაზიანებული ლიდერები ეძებენ ადგილს. არიან ძიებაში, ვინ ვის მიუერთდება და რა მაგნიტური კავშირები შეიძლება, ჩამოყალიბდეს პარტიებს შორის პირველი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოქცეული ადამიანების და მათი მხარდამჭერების. განცხადება, რომ მას არ აინტერესებს წარსული, მიუთითებს, რომ მას აქვს მძიმე წარსული და ეს წარსული ძალიან აწუხებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

ამასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას მიერ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „მელია, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ ძალიან მნიშვნელოვანი აქტორებია პოლიტიკურ სივრცეში და არჩევნებზე ჯამურად შეუძლიათ, იყვნენ 25 პროცენტს ზემოთ“.

 

თალაკვაძის თქმით, ალბათ ნიკა გვარამიას უნდოდა, ეთქვა 2,5 პროცენტი.

 

„ეს იქნებოდა უფრო რეალისტური, მაგრამ ასევე შეუძლებელი ამოცანა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოქცეული პოლიტიკოსების ამოცანა ახლა ერთადერთია, რომ როგორმე პატარ-პატარა პროცენტები შეაგროვონ და იმ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%-დან 4-3-2,5 პროცენტი მაინც როგორმე წაიღონ და მიუტანონ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ამოცანით მოძრაობს პოლიტიკაში ნიკა გვარამია. რა 25%? 25% „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ აუღია მათ ჩატარებულ კვლევებში. ნიკა გვარამიას რა 25% აქვს?! ეტყობა უნდოდა, ეთქვა 2,5% არის ჩემი მიზანიო. ალბათ ამას გულისხმობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი