logo_geo
არჩილ თალაკვაძე: განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, იძლევა პოზიტიურ მესიჯებს, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაძლიერდება და რომ შევძლებთ შევასრულოთ ისტორიული მიზანი - საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება
- +

21 თებერვალი. 2024. 21:48

"ბრიუსელში იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული დღე საქართველოსთვის, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ეს იყო მაღალი დონის შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე ის რეფორმები და სამუშაო, რომელიც მმართველმა გუნდმა ორმხრივი პარტნიორობის რეჟიმში ნატო-სთან ერთად განახორციელა. მისივე თქმით, საქართველო არის ნატო-ს საიმედო პარტნიორი რეგიონში და არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მონაწილე საერთაშორისო მისიებში.

 

 

ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში, ვაკმაყოფილებთ ნატო-ს ძირითად მოთხოვნებს, ეს თავად ნატო-ს ანგარიშებში არის დადასტურებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იენს სტოლტენბერგის გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, სწორი გზით. ეს ნიშნავს, რომ რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევასრულეთ და რის გამოც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იყო სწორი და საჭირო სამუშაო. ასევე, იმედისმომცემი და პოზიტიური იყო მისი გზავნილი მხარდაჭერასთან, დამატებით პროექტებთან, პაკეტებთან დაკავშირებით, რაც უდავოდ წაადგება საქართველოს უსაფრთხოების გამტკიცებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, პრემიერ-მინიტრის ბრიუსელში ვიზიტმა გამოაჩინა, რომ როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და პასუხისმგებლობით ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც ქვეყანას აქვს ორმხრივ ურთიერთობებში.

 

 

ამიტომაც, ეს არის ორივე მიმართულებით არსებითი პროგრესი. განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, ამ ყველაფერს ადასტურებს, იძლევა პოზიტიურ მესიჯებს მომავალთან დაკავშირებით. პირდაპირ იკითხება ამ განცხადებებში, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაძლიერდება და რომ ჩვენ შევძლებთ, შევასრულოთ ისტორიული მიზანი და ოცნება, რომელიც ჩვენს მშობლებს, შვილებს აქვთ - ეს არის საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

big_banner
არქივი