logo_geo
შალვა პაპუაშვილი: 2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა და 622 კანონი იქნა მიღებული
- +

22 თებერვალი. 2024. 12:36

 

 

„გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტს საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

 

მისი თქმით, პლენარული სხდომების 15%-ს ოპოზიციამ ან ბოიკოტი გამოუცხადა, ან არ დაესწრო.

 

„ამ კონტექსტში წარმოგიდგენთ 2023 წლის საპარლამენტო საქმიანობის რამდენიმე ძირითად მონაცემს. უფრო დეტალურად, 2023 წლის ანგარიში ბეჭდური სახით დარიგებულია და ასევე, ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებ-გვერდზე. 2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა. აღსანიშნავია, რომ 65 სხდომიდან 10-ს, რაც  სხდომების 15%-ს შეადგენს, ოპოზიციამ სხვადასხვა კონფიგურაციით ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო. მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია ისეთი კანონები, როგორიც არის: წყლის რესურსების მართვის შესახებ; სამრეწველო ემისიების შესახებ; ტურიზმის შესახებ; საჯარო შესყიდვების შესახებ; ელექტრონული კომერციის შესახებ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; თავდაცვის კოდექსი; პენიტენციური კოდექსი; მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები; სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. არადა სწორედ მსგავსი საკითხებია, რომლებიც სინამდვილეში გადამწყვეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და ევროკავშირთან ჩვენი არსებითი დაახლოებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ასევე, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკა გააცნო საზოგადოებას.

 

„საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა დაამუშავა: 620 საკანონმდებლო ინიციატივა, 54 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, ანგარიში, ნდობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატები. განსახილველად შემოვიდა 142 საკანონმდებლო წინადადება და 8 პეტიცია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 139  წევრმა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი