logo_geo
კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს
- +

22 თებერვალი. 2024. 15:36

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავადვე დაამტკიცეს, რომ მათ მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აბსურდი და სისულელე იყო.

 

ამის შესახებ მან „ლელოს“ ერთ-ერთი წევრის მიერ პარტიის დატოვებისა და ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე პროცესების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„პარტიის დატოვების საფუძველი რა იყო, არ ვიცი. გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია, ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო, რაც თავიანთი განცხადებებით, თავადვე დაამტკიცეს. როდესაც კონკრეტული კითხვები დაუსვეს, აბსოლუტურად აირივნენ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ. იგივე მოხდა 1 000-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. ჯაფარიძე გამოვიდა და აბსოლუტურად სხვა რაღაც თქვა, მისი თანაგუნდელები კი სხვა რამეს ამტკიცებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. კარგად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ბლეფია, რომელიც ხაზარაძეს, ზოგადად, თავისი წარსულიდან გამომდინარე, თან მოსდევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და სხვა პარტიებში მიმდინარე პროცესები მისი ინტერესის საგანი არ არის.

 

„გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა ვითარება აქვთ პარტიაში. ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. ჩვენ ვემზადებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩასული ვიყავით ყველა ქალაქსა და რაიონში, შევხვდით ჩვენს მხარდამჭერებს, მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კითხვაზე - რატომ ესხმის „ქართული ოცნება“ „ლელოს“ თავს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია იმ ბრალდებებისა და შეურაცხყოფისგან იცავს თავს, რომლებიც ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან ისმის.

 

„ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს. იმდენი ცრუ ინფორმაცია, ბრალდება, შეურაცხყოფა მოვისმინეთ ბოლო თვეების, დღეების განმავლობაში, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული“ საქართველო ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც შეუძლია არჩევნებში გამარჯვება კონსტიტუციური უმრავლესობით. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ყველა პარტია იბრძოლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

big_banner
არქივი