logo_geo
ირაკლი კობახიძე: მმართველი პარტიის, ოპოზიციის, სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობაა, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა უფრო წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე
- +

23 თებერვალი. 2024. 14:14

 

 

ყველას პასუხისმგელობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება, რასაც იზიარებს მმართველი პარტია.

 

„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, შევეხეთ ცხრა პრიორიტეტს, თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი, გავაცანით ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე გავაცანით ჩვენი ხედვები თავად პროცესთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მათი მოწოდება, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში. რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ყველას პასუხისმგელობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას.

 

ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე. მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. ე.წ. ვიტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი. ვიტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით არა მხოლოდ ფორმალურად საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მით უმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს არგუმენტები, ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო. ვიტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი