logo_geo
არჩილ თალაკვაძე „საქართველო და ევროკავშირი“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა და სამახსოვრო სიგელები გადასცა
- +

23 თებერვალი. 2024. 18:40

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“ განაგრძობს.

 

დასკვნით ღონისძიებაზე, 30-მდე სკოლის 40-მდე ახალგაზრდას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შეხვდა და სამახსოვრო სიგელები საჩუქრებთან ერთად გადასცა.

 

„თქვენი აზრი, თქვენი პერსპექტივა და თქვენი მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, თუ როგორ აფასებთ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და რამდენად პოზიტიურად უყურებთ საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენი და თქვენი მასწავლებლების დამსახურებაა, რომ ასე კარგად იცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, რას ნიშნავს ევროპული სახელმწიფო და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები. თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, ვინაიდან, სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ხელი უნდა ჩამოართვას ევროპას და ევროპელ თანატოლებს როგორც თანასწორს. ამისათვის უნდა გვქონდეს ძლიერი, ტერიტორიულად გამთლიანებული და თანამედროვე სახელმწიფო, რომელსაც ახლა ერთად ვაშენებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ორი კომიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსწავლე ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ.

 

ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მოკლე ისტორია და მიმართულებები; ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები; ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა.

 

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრნენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე; ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. მათ შორის, პროგრამაზე „ერასმუს+“.

 

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საკანონმდებლო საქმიანობას და მის როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ისინი ესწრებოდნენ როგორც საკომიტეტო ასევე, პლენარულ სხდომებს.

 

საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-მდე მოსწავლე.

 

big_banner
არქივი