logo_geo
„სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება“
- +

24 ივლისი. 2017. 15:31


 

„ქართული მხარე ძალიან მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ამ განსაკუთრებულ ქვეყანასთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინსიტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


 „ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ განვიხილავთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ქართული მხარე ძალიან მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ამ განსაკუთრებულ ქვეყანასთან.

 

როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მეგობრული ერების 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში.

 

ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით.

 

სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს. ქართული მხარე განუხრელად მიჰყვება ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზას. ბატონი პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა თქვენ თავად იხილოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ ის დამოკიდებულება და სენტიმენტები, რომლებიც ქართველებს გააჩნიათ ებრაელი ხალხის მიმართ.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი. წარმატება მიღწეულია პრაქტიკულად ყველა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენი ქვეყნები დგანან მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ თქვენს ხალხსა და სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ბრძოლაში.

 

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენი მთავრობისა და ხალხის მზადყოფნას ჩვენი ორმხრივი კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ვიზიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


თავის მხრივ, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრიმა ბენიემინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათია აკავშირებთ. ნეთანიაჰუს განცხადებით, „ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით".

 

„პრემიერ-მინისტრო, თქვენი აქ, იერუსალიმში ხილვა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. ქართულ-ებრაული ისტორიის 2600 წელი გვაკავშირებს - ასი ათასობით ებრაელი საქართველოდან, ამჟამად აქ ცხოვრობს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მათი დიდი ნაწილი, მათ შორის, აქ დამსწრე პირები, ჩემს გულითად მეგობრად მოვიხსენიო. ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს. ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ - ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება - აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს. ვგეგმავთ, გავზარდოთ არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სხვა ისეთი სფეროების ფარგლებში, რომლებიც მოსახლეობას უკეთეს და უფრო უსაფრთხო ცხოვრების პირობებს შეუქმნის. საქართველოში ვიზიტის შემდეგ მე მოსახლეობის ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული დავრჩი. ჩვენ მსოფლიოს რთულ წერტილებში გვიწევს მუშაობა, თუმცა ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით. მიმაჩნია, რომ ჩვენს ერებს თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. სწორედ ამ განწყობით მინდა მოგესალმოთ აქ, იერუსალიმში", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


 

big_banner
არქივი