logo_geo
ჯანი ბუკიკიო ოპოზიციას: ვენეციის კომისიის როლი არ არის დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება
- +

26 ივლისი. 2017. 11:30


ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია გამოსავალს კვლავ ფართო კონსენსუსში ხედავს.

 

„ძვირფასო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებო, გმადლობთ ახალი წერილისთვის. ვენეციის კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა.

 

ამ კონსენსუსის მიღწევა უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, კომისიის როლი არ არის დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება", - ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში, რომელიც 25 ივლისით არის დათარიღებული.


ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთობლივი მიმართვა ერთი კვირის წინ გაუგზავნეს.


მიმართვაში ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო მოლაპარაკებების დაწყება ვერ ხდება.


ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „საქართველოს რესპუბლიკური პარტია", „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", „პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „თავისუფალი დემოკრატები", „ახალი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა", „ეროვნული ფორუმი", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის", „ტრადიციონალისტთა კავშირი", „სახელმწიფო ხალხისთვის" და „ლეიბორისტული პარტია".


 

big_banner
არქივი