logo_geo
გიორგი ვოლსკი: ანა დოლიძემ უკადრებელი იკადრა
- +

27 ივლისი. 2017. 16:07


„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უკადრებელი იკადრა - ასეთი არაეთიკური გამოსვლის შემდეგ, ანა დოლიძის თანამდებობაზე გაჩერება შეუძლებელი უნდა იყოს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.


ვოლსკის თქმით, სიტყვები და ეპითეტები, რომელიც ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გამოიყენა, მხოლოდ ირაკლი კობახიძეს არ უკავშირდება და იგი სახელმწიფოსა და სახელმწიფო სტრუქტურას - პარლამენტს ეხება.


„დისკუსიას აქვს თავისი ფორმა, ჩამოყალიბებული რეგლამენტის მიხედვით. დისკუსიაში შესვლის და დისკუსიიდან გამოსვლის საკითხები გაწერილია. რაც შეეხება ემოციას და იმის მტკიცებას, რომ ანა დოლიძეს შეუძლია პრეზიდენტისებრ ისაუბროს, ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს არანაირად საწყენი კომენტარი არ გაუკეთებია. პარლამენტის თავმჯდომარემ ყოველგვარი ემოციის გარეშე მიუთითა, რომ არსებობს საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის გარკვეული ფორმა. გამომდინარე აქედან, სთხოვა, არ გადასულიყო სხვა თემებზე და არ შესულიყო ისეთ პოლემიკაში, რომელიც პოლიტიკურ პოზიციას შეიცავდა.

 

მე არ დამინახავს კატეგორიულობა შენიშვნაში, რომელიც ირაკლი კობახიძეს ჰქონდა. პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილებოდა და მისი წარმოდგენა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პირადი პოლიტიკური პოზიციების გამოხატვას არ ითვალისწინებს. საუბარი იყო ამაზე და პარლამენტის თავმჯდომარემ ემოციებისგან დაცლილი განცხადება გააკეთა. საქმე იმაში კი არ არის, ვარჩიოთ რეგლამენტით რომელია მართალი, საქმე იმაშია, რომ საპარლამენტო მდივანმა უკადრებელი იკადრა, როდესაც ამ პოლემიკის პერიპეტიები შეაფასა.

 

მან ყოველგარ ეთიკასა და ნორმას გადაცილებული შეფასებები გააკეთა, რაც შეუფერებელია საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე შემდგომი გაჩერებისათვის. მის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუღებელი და შეუფერებელია იმ თანამდებობისათვის, რომელსაც ანა დოლიძე იკავებს. როდესაც საპარლამენტო მდივანი ხარ, რომელმაც მუდმივად უნდა იმუშაოს პარლამენტთან, ასეთი ლაპარაკი აბსოლუტურად შეუსაბამოა", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ვოლსკიმ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი