logo_geo
თეა წულუკიანი: როგორც კი სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს
- +

31 ივლისი. 2017. 16:58



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როგორც კი სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი მისი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს.



„ეს არის წმინდად სამართლებრივი და საგამოძიებო-საპროკურორო ექსტრადიციის პროცესი. ჩვენ ვნახეთ უკრაინული მხრიდან სხვადასხვა განცხადებები, სიმართლე ერთია - საქართველოს მხარემ მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მოითხოვა გადმოსაცემად 4 სხვადასხვა სისხლის სამართლებრივ საქმეზე, მათ შორის იყო დეპუტატ გელაშვილის ცემა, 9 მილიონი ლარის გაფლანგვა, ნოემბრის საქმე და ტელეიმედის საქმე. ამ საქმეებზე ჩვენ მოვითხოვეთ 2014 და 2015 წელს ექსტრადაცია. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როდესაც ითხოვ ექსტრადიციას გადმომცემი სახელმწიფო ან დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ან არა. უკრაინულმა მხარემ მაშინ, 2015 წლის აპრილში თქვა, რომ ჩვენ ვერ გადმოგცემთ მიხელ სააკაშვილს, იმიტომ რომ გვეჩვენება, რომ ეს დევნა არ არის წმინდა სამართლებრივიო. როგორც ჩანს, მათ დღეს პოზიცია შეცვალეს. როგორც კი სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა.











 

big_banner
არქივი