logo_geo
პრეზიდენტი ყველა იმ ადამიანს, ვინც ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, მადლობას უხდის
- +

23 აგვისტო. 2017. 12:45

 


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, მადლობას უხდის.


პრეზიდენტი ასევე მადლიერებას გამოხატავს იმ სახელმწიფოების მიმართ, ვინც სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს დახმარება აღუთქვა.


„ჟურნალისტები ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ადევნებთ, თუ როგორ მუშაობს შტაბი და ტექნიკა. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან იმისთვის, რომ სტიქია იყოს ლოკალიზებული. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს შეირაღებულ ძალებს, რომლებმაც მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება ატენის ხეობაში. ამ რთულ მომენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ისიც, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს - სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელარუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. ამ მომენტში ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. მადლობა ჩვენს ყველა მეგობარს, რომლებიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურნენ და დაგვეხმარნენ. ამ წუთებში ხდება ლოკალიზება იმ კერების, რომელთა ჩაქრობა და გაუვნებელყოფა არის აუცილებელი. ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება თავიდან ბოლომდე, მაგრამ არეალიდან გამომდინარე, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.


რაც შეეხება შესაძლო დივერსიას, პრეზიდენტის თქმით, კითხვის ნიშნები პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ უნდა დაისვას.

 

„გუშინაც ვთქვი, როდესაც არის პრობლემა, ყველა ვერთიანდებით პრობლემის გარშემო. როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, შემდეგ ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხს. ეს არის წესი, რომელსაც ყველამ უნდა მივდიოთ ერთად",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



 

big_banner
არქივი