logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნება შესაბამისი თვითმფრინავები და ვერტმფრენები
- +

30 აგვისტო. 2017. 16:44



საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პარტნიორი ქვეყნების დახმარებაზე ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.


„ძალიან აქტიურად, კოორდინირებულად მუშაობს როგორც შტაბი ადგილზე, ასევე სხვა უწყებები, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით შედგა რამდენიმე კომუნიკაცია ჩვენს მეზობლებთან. მინდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საელჩოების მეშვეობით პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც შესაბამისი ტექნიკა გააჩნია და შედეგად უკვე დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნება შესაბამისი თვითმფრინავები და ვერტმფრენები. თვითმფრინავებით დახმარებას გაგვიწევს უკრაინა და თურქეთი, ვერტმფრენით დაგვეხმარება აზერბაიჯანი, ასევე ველოდებით დახმარებას ირანისგან, რომელიც მზად არის ამ ეტაპზე ვერტმფრენებით დაგვეხმაროს", - განაცხადა მინისტრმა.


როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ამ ეტაპზე ცოცხალი ძალის შესაბამისი რესურსი გააჩნია, საჭიროება არსებობს ავიაციის კუთხით და მოთხოვნაც ამ მიმართულებით გაიგზავნა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იმ ადამიანური რესურსით, რომელიც ქვეყანას გააჩნია და იმ ავიაციით, რომელიც სულ მალე საქართველოში შემოვა, მოხდება კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება.


მიხეილ ჯანელიძემ აბასთუმანში სტიქიასთან მებრძოლ მეხანძრე-მაშველებს ხანძართან გამკლავება და მშვიდობა უსურვა.


მიხეილ ჯანელიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულ ყველა მეხანძრე-მაშველს თავდადებისა და გმირობისთვის და პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.



 

big_banner
არქივი