logo_geo
ლევან კობიაშვილი: ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 0 ლარს
- +

2 სექტემბერი. 2017. 12:56



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას პასუხობს:


„მსურს, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის აბსურდულ განცხადებას, რომ თითქოსდა ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 120 000 ლარს. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მას შემდეგ, რაც არჩეული ვარ გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და ვარ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კანონის შესაბამისად, არ ვიღებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, შესაბამისად, ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 0 ლარს.

რაც შეეხება არჩევნებამდე მიღებულ ხელფასს: მსურს, გითხრათ თქვენ და ამავდროულად, გული დავწყვიტო ბატონ შალვას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს და იყენებს თავისი საარჩევნო მიზნებისათვის, არის აბსოლუტური სიცრუე. თანხა, რომელსაც ის ასახელებს, არის აბსურდული და რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოსგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შალვას რიტორიკა სიახლეს არ წარმოადგენს და მას ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ტყუილებისგან და ამ ტყუილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.



 

big_banner
არქივი