logo_geo
კახა კალაძემ ნაძალადევის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა
- +

7 სექტემბერი. 2017. 21:08



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.


კახა კალაძემ კიკვიძის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.


როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს, ერთიანი ძალისხმევით მოგვარდება.

 

„ვიცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ამას, რა თქმა უნდა, მოგვარება სჭირდება. საჭიროა, ახალი სკვერების გაშენება, ხოლო იმას, რაც გვაქვს, მოვლა-პატრონობა სჭირდება. დენდროლოგიურ პარკში მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა ძალიან მალე თბილისს დენდროლოგიური პარკის სახით, დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტია. შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება, ხოლო მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მოხდება.


„თბილისის მერია მომავალშიც განაგრძობს იმ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა უნდა იყოს არა ამ პროგრამების განხორციელება, არამედ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, მეტი დასაქმებული და ნაკლები სოციალურად დაუცველი ადამიანი არსებობდეს", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.


კახა კალაძემ ქალაქის მერის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებას თბილისელებთან ერთად აპირებს.


„არ არის იოლი საქმე იყო თბილისის მერე, მაგრამ ფიქრის შემდეგ ეს გადაწვეტილება მივიღე. ვიცი, რომ ზურგს თქვენნაირი ადამიანები მიმაგრებენ. ვიცი, რომ ბრძოლაში მარტო არ ვარ და მე თქვენთან ერთად ვაპირებ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც გაწუხებთ. არ დავიღლები ვიმუშაო იმისთვის, რომ თითოეული თბილისელი გახარებული იყოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქალაქი სიცოცხლით სავსე იქნება", - მიმართა კახა კალაძემ ამომრჩევლებს.


ნდობის გამოცხადებისთვის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატებმა - მიხეილ ამაშუკელმა, ალექსანდრე ხუჯაძემ, თამარ ტალიაშვილმა და დავით ჭელიძემ „ქართულ ოცნებას" მადლობა გადაუხადეს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

 

ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხალხზე ზრუნვაა და იმედი მაქვს, თანადგომით შევძლებთ პრობლემების მოგვარებას. იმ გუნდის წევრი ვარ, რომლისთვისაც ადამიანის კეთილდღეობა მთავარი ღირებულებაა და  ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი", - განაცხადა დავით ჭელიძემ და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


ამომრჩევლებს სიტყვით ასევე, მიმართა თამარ ტალიაშვილმა. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, სამი წლის წინ, როდესაც მმართველ გუნდთან ერთად თბილისის საკრებულოში მივიდა, ძალიან ბევრი საკითხი მოუგვარებელი დახვდა.

 

ჩვენ მოგვიწია ყველა მიმართულების თავიდან მოწესრიგება. ძალა, რომელიც გვაძლიერებდა ამ საქმეში, იყო თქვენი მხარდაჭერა და ერთგულება. საბავშო ბაღები, კულტურა, აღზრდა, განათლება - ეს ყველა თქვენგანს ეხება, ეს ჩვენი შვილების მომავალი დღეა. საქმე დაწყებულია და დედაქალაქის განვითარება ახალი ენერგიით უფრო უნდა გავაძლიეროთ ", - განაცხადა ტალიაშვილმა.


„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს ისნის მოსახლეობასაც წარუდგინა.










 

big_banner
არქივი