logo_geo
კახა კალაძე: ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია
- +

17 სექტემბერი. 2017. 16:36

 

 

„საქართველოში საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში ტარდება. ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს შესაძლებლობა აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და მოსახლეობას გააცნოს თავისი ხედვა, გეგმები და პროექტები, თუ რის განხორციელებას აპირებს", - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კიკეთისა და კოჯრის  მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.


მისივე თქმით, ამომრჩეველი ამ პირობებში თავად გადაწყვეტს ვის ანდოს ქალაქის ბედი.


კახა კალაძემ გასული წლების, კერძოდ, 2012 წლის საარჩევნო გარემო გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნება ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს.


კახა კალაძე დღეს კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა.


თბილისის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს თავისი ხედვა გააცნო და ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებასა და განვითარებაზე, ქალაქის ურბანულ განვითარებასა და ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე, განათლებასა და სპორტზე გაამახვილა.


„2012 წლის შემდეგ უფასო გახდა სასკოლო სახელმძღვანელოები და საბავშვო ბაღები. ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი ბავშვების რაოდენობა და საჭიროა ჩვენ ამ ზრდას მომზადებულები შევხვდეთ. მომავალი 4 წლის განმავლობაში თბილისში დამატებით 30-მდე ბაღი აშენდება", - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერობის კანდიდატმა, ასევე, ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქალაქის ყველა რაიონში აშენდება მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტკომპლექსები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.


მოსახლეობასთან შეხვედრები ამ წუთებშიც გრძელდება. დღესვე კახა კალაძე შინდისის, წავკისისა და ოქროყანის მოსახლეობას შეხვდება.












 

big_banner
არქივი