logo_geo
კახა კალაძე: ღვიძლის ტრანსპლანტაციას მერია დააფინანსებს
- +

26 სექტემბერი. 2017. 01:43



თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ განაცხადა, რომ  მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება - დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას - ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ განახლდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი და შემოიყვანს 70 ახალ სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ექნება პორტატული კომპიუტერი და ახალი საკომუნიკაციო სისტემა. მისივე თქმით, ეს პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით დაფინანსდება.


„ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს.

 

ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომლითაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებს. დღეს ინტერნეტთან ყველას მიუწვდება ხელი და შესაბამისად, შეუძლია მიწეროს კონკრეტულ ვებგვერდზე, რომელიც იქნება შექმნილი და შესაბამისად, რამდენიმე საათში მიიღებს პასუხს იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოითხოვს", - განაცხადა კალაძემ.


კალაძის განცხადებით, ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის პროგრამებზე, მომავალ წელს, 15 მილიონ ლარს დახარჯავს.











 

big_banner
არქივი