logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, მივმართო სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას...
- +

19 ოქტომბერი. 2017. 11:32



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 21 ოქტომბერს ჩატარდება. პრემიერმა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მიმართა.


„არჩევნებამდე ორი დღით ადრე მინდა მივმართო, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში, პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში, მთლიანად საზოგადოებას - ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ იყოს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც წარსულში ერქვა გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასეთი საქართველოს და ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მან ასევე მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, არ მისცენ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე.


„მინდა მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემაში. მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელის ქვეყანაში განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია ჩვენი მოსახლეობის მიერ იქნება სათანადოდ დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში. განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო სამართალდამცველებს და პოლიციას, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი, რომ არავის მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს", - აღნიშნა პრემიერმა.


მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება.

 

„ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის. ჩვენს ქვეყანაში გატარებული ცვლილებების შედეგად თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს კავშირია ის, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი