logo_geo
არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
- +

21 ოქტომბერი. 2017. 19:20

 


„შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ, პრაქტიკულად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენს საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„წინასწარი მონაცემებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ამომრჩევლების მხრიდან, ამიტომ, ბუნებრივია, გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მოსულიყვნენ, გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელმაც არჩევანი „ქართული ოცნების", კახი კალაძის და ჩვენი კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთა", - აღნიშნა თალაკვაძემ.


აქვე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის საბოლოო შედეგის მაჩვენებელი ის მონაცემები იქნება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. 


„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს, ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი თბილისსა და რეგიონში. თუმცა, მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენთვის საბოლოო შედეგის მაჩვენებელი არის ის მონაცემები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. მხოლოდ ეს არის უტყუარი დასტური, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი საზოგადოებამ", - განაცხადა თალაკვაძემ.








 


 

big_banner
არქივი