logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ცესკო-ს შედეგები დაადასტურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას
- +

21 ოქტომბერი. 2017. 20:36



„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. ასევე, დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე. მინდა, ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„პირველ რიგში, მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის.


ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლიდან საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება დაუბრუნა ხალხს. სწორედ „ქართული ოცნების" პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლია, მშვიდობიან და კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. ასევე, დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე. მინდა, ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება. ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლებს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების" გამარჯვებას. დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფო მასშტაბური გეგმები აქვს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, ნდობის ასეთი მაღალი ხარისხისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მთელს ძალისხმევას სწორედ ამ ნდობის განსამტკიცებლად მიმართავს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. ეს არჩევნები გახლავთ ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ამ ძალიან დიდ გამარჯვებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.







 


 

big_banner
არქივი