logo_geo
კახა კალაძე: მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის
- +

22 ოქტომბერი. 2017. 15:34


 

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს, თავდაუზოგავად ვიმუშაო ჩვენი ქალაქის, თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის. ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

 

მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა. მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც, ჩემი ყოფილი კონკურენტებისთვის, რომლებსაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

 

მე ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა კალაძემ.

 

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით, თბილისი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავა.

 

„მინდა, ასევე ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჟურნალისტებს, რადგან სწორედ თქვენი მეშვეობით ხდებოდა იმ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ რა კონკრეტული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

 

ჩვენ პირველივე დღიდან აქტიურად შევუდგებით თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებას და ჩვენს მიერ დეკლარირებული პროგრამის განხორციელებას. ჩვენი მუშაობის პოზიტიურ შედეგს ძალიან მალე შეიგრძნობს თითოეული თბილისელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საყვარელი ქალაქი მალე გადავა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე. ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და ჩვენი ქალაქის სიყვარულით წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავიმარჯვოთ თბილისის და თბილისელების პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სოლიდარული, ჯანსაღი სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა კახა კალაძემ.  


 

big_banner
არქივი