logo_geo
დავით ნარმანია: პრემია რომ ამეღო, სამი წლის განმავლობაში საყვირალი იქნებოდა, ამიტომაც არ ავიღე
- +

27 ოქტომბერი. 2017. 18:24



თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის განმავლობაში პრემია-დანამატი არც ერთხელ „ორი პრაგმატული მოსაზრების" გამო არ აუღია. აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია, რომელზეც ნარმანიამ „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„მე ორი პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე არ ავიღე. პირველი არის ის, რომ ეს მუდმივად, მთელი სამი წლის განმავლობაში საყვირალი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნოდა. მეორე - გარდა იმისა, რომ ვარ თბილისის მერი, ვარ უნივერსიტეტის პროფესორი. უნივერსიტეტიდან ნახევარ განაკვეთზე მაქვს დაახლოებით 1 500 ლარი, რაც ჩემთვის დამატებითი შემოსავალი იყო. სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, დანამატის აღებაზე უარი ვთქვი", - აცხადებს თბილისის მერი.


რაც შეეხება მის სამომავლო საქმიანობას, ნარმანიას თქმით, გუნდში გადაწყვეტილება ახალი მერისთვის უფლებამოსილების გადაბარებამდე იქნება მიღებული, თუმცა სამეცნიერო-საუნივერსიტეტო საქმიანობის გაგრძელებასაც აპირებს.


„სამეცნიერო-საუნივერსიტეტო საქმიანობა ჩემი ძალიან საყვარელი საქმიანობაა. ამ საქმიანობას გავაგრძელებ, თუმცა მომავალში მხოლოდ ამ საქმიანობით არ ვიქნები დაკავებული. ჯერჯერობით, ვიდრე ახალი მერისა და ადმინისტრაციისთვის ოფიციალურად გადაბარება არ მოხდება, ვრჩები მერიაში. ამასობაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - აღნიშნავს დავით ნარმანია.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი