პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ შემოსავლების, ხარჯების დამალვა მოხდა.
„დაფინანსებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ აღვნიშნე, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები არ შეესაბამება მათ რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. იგივე სურათი გვქონდა ჩვენ 2016 წლის არჩევნებში. რეალურად ხდება შემოსავლებისა და ხარჯების დამალვა ოპოზიციურ პარტიების მიერ. ეს პრაქტიკა 2016 წელსაც იყო და იგივე პრაქტიკა არის სამწუხაროდ, 2017 წელსაც. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელს დეკლარირებული 10 მილიონი ლარი იყო დაახლოებით, მთლიანად ოპოზიციის მიერ, მაშინ, როდესაც მათი შემოსავლები და ხარჯები ჯამში დაახლებით, 100 მილიონ ლარს მაინც შეადგენდა. ათმაგ სხვაობაზეა საუბარი და 2017 წლის არჩევნებშიც ანალოგიური სხვაობა იყო. დეკლარირებული შემოსავალი და გასავალი ამ არჩევნებში იყო დაახლოებით 1 მილიონი ლარი, შესაძლოა პლუს-მინიუს ვცდებოდე. ჩვენ ვახდენთ ჩვენი შემოსავლების დეკლარირებას, ოპოზიცია ამას არ აკეთებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, ბუნებრივია, სასაცილოდაც არ ეყოფა, რომ ოპოზიციამ მხოლოდ მილიონი დახარჯა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. 1 მილიონ ლარზე ბევრად მეტი დაიხარჯა ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მიერ ამ არჩევნებში", - განაცხადა კობახიძემ.