logo_geo
ალექსანდრე ერქვანია: მიზანს ვერასოდეს მიაღწევთ, ვერც ეკლესიას და ვერც პატრიარქს ვერაფერს ავნებთ
- +

2 ნოემბერი. 2017. 13:02



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.

 

„ამ ადამიანებს ეკლესია სძულთ, ისინი ქართველი ერის მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი ერთგულებას ვერ ეგუებიან და ყველანაირი ბინძური მეთოდებით, შეკვეთილი სიუჟეტებითა და სტატიებით პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქართული კულტურისა და ეროვნული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა. ეკლესია და საქართველო განუყოფლად შერწყმული და დაკავშირებულია და მათ ხელოვნურად ვერავინ განაკვეთს. როცა ადამიანის სული და ხორცი განიყოფა, ხორცი კვდება. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა გავაანალიზოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, ეს ძალები ვის მიერ იმართებიან და რა არის მათი საბოლოო მიზანი. მათი მიზანია იმ ფუნდამენტის დანგრევა, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. რომ არა, ქართველი ერის უფლისადმი ერთგულება და თავგანწირვა, დღეს საქართველო არ იარსებებდა. ამიტომ, ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. სამწუხაროდ, ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომლებიც ვერ იტანენ და ვერ ეგუებიან საქართველოს პატრიარქისადმი ქართველი ერის სიყვარულს, ერთგულებას და მის ავტორიტეტს, რომელიც მან 40 წლიანი მოღვაწეობით მოიპოვა. საქართველოს პატრიარქის მიერ განვლილი ცხოვრება არის თავგანწირვა უფლისადმი, მოყვასისა და სამშობლოსადმი. სწორედ პატრიარქმა შეძლო ქართველ ერში ეროვნული ცნობიერება დაებრუნებინა და ათეისტური საზოგადოება შელახული ღირსების აღსადგენად მოემზადებინა. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ეკლესიაში რუსულ გავლენაზე საუბარი სამარცხვინოა იმ დროს, როცა ზოგიერთი მათგანი აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან და მაშინ, როცა საქართველოს პატრიარქი და სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად, ჩვენი ერის კულტურისა და ქართული სულის გადასარჩენად იბრძოდნენ. საქართველოს პატრიარქი არის საქართველოსა და ქართველი ხალხის იმედი, ამიტომ ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია საპატრიარქოსადმი გამოხატული ის სიძულვილი, რასაც ამ ბოლო დროს ვუყურებთ. ასევე მიუღებელია სერიალებსა და თოქ-შოუებში, გასართობ შოუებში სასულიერო პირთა დაცინვა და გაქილიკება. ამიტომ გაფრთხილებთ, ქართული ერის მოთმინებას ნუ ცდით და ვინც არ უნდა დაგაფინანსოთ, მიზანს ვერასოდეს ვერ მიაღწევთ, ვერც ეკლესიას და ვერც პატრიარქს ვერაფერს ავნებთ. ამას ჩვენი ხალხი არ დაუშვებს. ამიტომ გირჩევთ, ეს ბინძური კამპანია შეწყვიტოთ. ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანებისთვის აუცილებელია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთი მიზნისკენ სწრაფვა", - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.



 

big_banner
არქივი