კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეები წარადგინა.
თბილისის ვიცე-პრემიერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, ხოლო მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი მერის მოადგილეებად დაინიშნებიან. რაც შეეხება მეხუთე მოადგილეს, კალაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები დასრულდება, აღნიშნულ პოსტს ილია ელოშვილი დაიკავებს.
„მინდა, საზოგადოებას მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის. იყო შენი ქვეყნის დედაქალაქის მერი, ეს არის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც კარგად მაქვს გააზრებული. ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი, არამედ, ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი. მიზანი, რომ შესაძლებლობებით, ზრუნვით, სილამაზით და სიცოცხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, ყველა ქუჩა და თითოეული ოჯახისათვის, თითოეული ადამიანისთვის კომფორტული და სასურველი იყოს ამ ქალაქში ცხოვრება.
თქვენ იცით, რომ მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა, ქალაქის განვითარების ხედვა და სწორედ, პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური დაპირებების პროგრამის აღსრულებას თქვენს მხარდაჭერასთან ერთად კომპეტენტური და ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი სჭირდება. შესაბამისად, მსურს, წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები.
ირაკლი ხმალაძეს ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ირაკლი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩემს გვერდით იყო და ჩვენ ერთად წარვადგენდით ხოლმე იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გაჟღერებული და რაზეც მომავალში მოგვიწევს ზრუნვა. ირაკლი წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში და ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად. ირაკლი ხმალაძე დაიკავებს ვიცე-მერის თანამდებობას და მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის.
რაც შეეხება ქალბატონ მაია ბითაძეს - ის წლების განმავლობაში იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი ამ სფეროში. მაია ჩემს გუნდს წინასაარჩევნოდ შემოუერთდა და ამ მოკლე დროში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო მაიას და მჯერა, რომ თავის წვლილს შეიტანს ქალაქის განვითარებაში და შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა.
მერის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად გააგრძელებს თავის საქმიანობას. ის გამოცდილი ადამიანია და შესაბამისად, ჩვენ ერთად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც არაერთხელ გავაჟღერეთ.
შემდეგი კანდიდატურა არის ირაკლი ბენდელიანი. მას დიდი გამოცდილება აქვს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული ენერგეტიკის სფეროში. ირაკლი ჩვენს გუნდს უერთდება და თბილისელები ძალიან მალე ნახავენ მისი შრომის ხელშესახებ შედეგებს.
რაც შეეხება მეხუთე მოადგილეს, უახლოეს მომავალში დავასახელებთ. ის იქნება ილია ელოშვილი.
თქვენ იცით, რომ დღეს ხელისუფლებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და როდესაც დასრულდება სამინისტროების შერწყმა, ილია ელოშვილი შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
მომდევნო დღეების განმავლობაში საკრებულოს წარვუდგენთ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატებს და შესაბამისად, ძალიან მალე ცნობილი იქნება მთლიანად ის გუნდი, ვინც მომდევნო წლების განმავლობაში ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა კახა კალაძემ.