logo_geo
"საპოლიციო წარსული აუცილებელი არ არის, გიორგი გახარია სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს!"
- +

14 ნოემბერი. 2017. 01:30



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარია თავისი მონაცემებით სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს.


„გიორგი გახარიას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. მისი მენეჯერული და ადამიანური თვისებები, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია იმისთვის, რომ ადვილად ვისაუბროთ მის ასეთ გადანაცვლებაზე. აუცილებელი არ არის, რომ საპოლიციო წარსული ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გახარია თავისი მონაცემებით სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


რაც შეეხება ფინანსთა ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისამართით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „საქართველოს რკინიგზის" მოგება შემცირდა და რკინიგზას უჩა მამაცაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მართავენ, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ამას ბრალდება არ ჰქვია, არამედ ეს არის სიცრუეზე აგებული დემაგოგია, ვინაიდან საერთოდ, გადაზიდვების შემცირება დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ როგორი მენეჯმენტი ჰყავს რკინიგზას. მისი თქმით, ეს ხდება დამოუკიდებელი ფაქტორების გამო და ამ კონტექსტში ვოლსკიმ ტვირთების გადაზიდვაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნილებები და მსოფლიო რეგიონული ეკონომიკური პროცესები დაასახელა.


„არც ერთი ხელისუფლება, არც რკინიგზის ხელმძღვანელობა დაინტერესებული არ არის, რომ გადაზიდვების მოცულობა შემცირდეს, ასე რომ, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორის გამო ხდება. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, პიროვნულად მე არ ვიცნობ, მაგრამ დახასიათება და მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია.

ყველაფერი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს და მაქსიმალურად უნდა იქნას ადამიანური ფაქტორი გათვალისწინებული ამ ცვლილებებისას. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა. განცხადება პოლიტიკურად სწორია, როგორ განხორციელდება, ამას თვალყურს მივადევნებთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

big_banner
არქივი