logo_geo
გიორგი ვაშაძე ნაციონალებზე: უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ არ მიწევს ამ მარაზმში ყოფნა!
- +

17 ნოემბერი. 2016. 11:43



„ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" პრობლემებზე ნებისმიერი დისკუსია ლამის ღალატად განიხილებოდა და მკაცრად ტაბუირებული და გასაიდუმლოებული იყო. ასე ეხმაურება ვაშაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ვაშაძე იყიდა.


ვაშაძის თქმით, 2012 წლის მარცხის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" ამომრჩეველი ელოდა რეალურ რებრენდინგსა და კარდინალურ განახლებას, ამისთვის კი კარგი პერიოდი იყო 2013-2015 წლები.


„ნაციონალური მოძრაობის" ძლიერი მხარე იყო ერთი მხრივ, მისი ერთგული ამომრჩეველი და მეორე მხრივ, პროფესიონალი ტექნოკრატი-რეფორატორები. პირველები დღევანდელმა ლიდერებმა გამოიყენეს და არჩევნების შემდეგ, აზრის გამოხატვაც კი აუკრძალეს, ხოლო მეორეებისგან არავინაა წარმოდგენლი საპარლამენტო სიაში. მე, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ვთავაზობდი რეფორმების კონკრეტულ გეგმას 2013-2015 წლებში, რომელიც არა უბრალოდ ახალი სახეების ფასადად გამოკიდებას, არამედ სისტემურ ცვლილებებს გულისხმობდა. დღევანდელი ენმ-ის ლიდერების აქტიური წინააღმდეგობის გამო ეს არ განხორციელდა, რასაც ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილის დუმილი ასეთ მომენტებში. ნებისმიერი დისკუსია პრობლემებზე განიხილებოდა ლამის ღალატად და მკაცრად ტაბუირებული და გასაიდუმლოებული იყო", - აღნიშნა ვაშაძემ.


„ახალი საქართველოს" ლიდერი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.


„დაბრალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიყიდა, უბრალოდ სასაცილო და უპასუხისმგებლოა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სააკაშვილის მხრიდან პროცესების არაადეკვატურ შეფასებაზე. მასთან და პარტიის სხვა ლიდერებთან არაერთხელ მისაუბრია ყველა პრობლემაზე, რაც პარტიის შიგნით იყო, მათ შორის პირადად მიხეილ სააკაშვილთან, აპრილში „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებამდე ერთი კვირით ადრე, რა დროსაც კარგად ავუხსენი, რატომ ვეღარ ვხედავდი ჩემს ადგილს იმ სტალინურ-აპარატჩიკულ მენეჯმენტში. თუმცა, მაშინ სააკაშვილი პარტიის კულუარულ მმართველებთან, საკუთარი დუმილით კვლავ კომპრომისზე წავიდა. მე მაშინ ვუთხარი კიდეც, რომ საბოლოოდ ეს დასრულდებოდა არჩევნებში მარცხით და მისი ენმ-დან ჩამოშორებით, რაც მოხდა კიდეც", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


მისივე თქმით, სწორედ ნაციონალების ურთიერთმოკინკლავე ლიდერების გამოყენებით, ივანიშვილმა მოახდინა ჯერ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის პოლიტიკურიდან ისტერიულ ველში გადაყვანა, გარემოს პოლარიზაცია და შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის „გაპრავება".

 

„გულახდილად ვიტყვი, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ახლა არ მიწევს ამ მარაზმში ყოფნა", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

 


 

right_banner big_banner
არქივი