logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ვამაყობ, რომ NATO-საქართველოს წვრთნების ყველა ეტაპის წარმატებით გავლა შევძელით
- +

17 ნოემბერი. 2016. 12:42



NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები გაუძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება.


მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.


საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა ერთობლივი სწავლება გიორგი კვირიკაშვილმა და 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.


„ჩვენი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ქართული ჯარის NATO-ს სტანდარტებით მომზადება. ასეთი წვრთნები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. NATO-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ის არავი სწინააღმდეგ მიმართული არ არის.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უპრეცედენტოა ფაქტი, რომ ასეთი დონის სწავლებას ნატო-ს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა - საქართველო ატარებს.


პრემიერის თქმით, ეს ფორმატი ქართველ სამხედროებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს პროცედურების შესაბამისად, განავითარონ პროფესიული უნარები.


„ვამაყობ, რომ ჩვენ, ქართველებმა შევძელით ყველა ეტაპის წარმატებით გავლა, სწავლების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კრიზისების მართვისა და რეაგირების სწავლებაზე NATO-ს მრავალეროვან ბრიგადას სწორედ ქართული მხარე ხელმძღვანელობს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. დარწმუნებული ვარ, წვრთნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება და სასარგებლო და წარმატებული იქნება ყველა მონაწილისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ერთობლივი სწავლება, რომელიც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. სწავლებაში 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის - თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგიის სამეფო, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები - უკრაინა და მაკედონია.





 

right_banner big_banner
არქივი