logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ევროპარლამენტმა მიიღო ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება!
- +

22 დეკემბერი. 2016. 14:13


 

„ევროპარლამენტმა მიიღო ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შს მინისტრმა განმარტა, საქართველო უკვე გახდა ევროპული ოჯახის ნაწილი, სამართალდაცვით სფეროში.


„ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურებს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი. პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საბჭო გასცემს უფლებამოსილებას ევროპოლის დირექტორზე, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვა და ჩვენ ამ შეთანხმებას ორმხრივი ხელმოწერით განვამტკიცებთ. ევროპოლთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრო ინტენსიურად მუშაობდა. 2015 წლის ივნისში ევროპოლის ექსპერტებმა ადგილზე შეაფასეს საქართველოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხი და იმავე წლის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიიღეს. რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აკმაყოფილებდა ევროპოლის სტანდარტებს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

 

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ვითანამშრომლოთ ევროპოლთან, როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ ოპერატიული ინფორმაცია და მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში და ასევე ევროპოლისგან მივიღოთ ანალიზზე დაფუძნებული, მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფორმაცია.

 

შეთანხმების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტრო ასევე წარგზავნის ევროპოლის შტაბბინაში მეკავშირე ოფიცერს, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო და ეფექტური კავშირების დამყარებას უზრუნველყოფს. მსგავსი შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია.

 

ევროპოლის ოპერატიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ, ერთობლივ ბრძოლას და როგორც აღვნიშნე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.  


 

big_banner
არქივი