logo_geo
ირაკლი კობახიძე: ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე მკვდარ საზოგადოებრივ მაუწყებელს
- +

5 მარტი. 2018. 15:58


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიას ეხება.


„კომისიის შემადგენლობა არის განახლებული. სამივე საპარლამენტო პარტიას ჰყავს მისივე დასახლებული კანდიდატურა კომისიაში. ასევე ომბუდსმენის კანდიდატურა არის წარმოდგენილი კომისიაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რეგლამენტით მონიჭებული, რომ ოთხივე კანდიდატი ავიყვანოთ პარტიული პრეფერენციებიდან გამომდინარე, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, გავითვალისწინებთ თუ არა ოპოზიციის ინტერესებს. კომისიის შემადგენლობაში ეს ინტერესები გათვალისწინებულია. შესაბამისად, ყველა პარტიას მიუწვდება ხელი იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს. 12 კანდიდატი უნდა წარმოადგინოს კომისიამ და პრეტენდენტი არის 14, ამაზე მეტი დისკრეცია კომისიას არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩემთვის პირადად მიუღებელია საუბარი იმაზე, რომ ნდობა მცირდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მკვდარი, რეიტინგი ჰქონდა ისეთი, რომ ჟარგონულ ენაზე რომ ვთქვათ, პულსი არ ესინჯებოდა. ჩემს ბავშვობაში იყო ასევე ერთი მკვდარი, რომელსაც ნდობას უცხადებდნენ, ეს იყო ლენინი. ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე მკვდარ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნდობა არ გაზრდილა და ცვლილებებიც ამიტომ მივიღეთ ზუსტად. მოლოდინი იყო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება რეიტინგი, დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ 50 მლნ არ იყრებოდეს მკვდარ ტელევიზიაში. მკვდარში ვგულისხმობ იმას, რომ თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს სოციალური გავლენა, მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს და ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ამას ნიშნავს სწორედ. ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინოს სოციალური გავლენა და ამოცანა არის, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ. გვაქვს პოზიტიური მიზნები და ამოცანები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოსაც, რომლის თანახმად, თბილისში, ერთ-ერთ ბარში ერთმანეთს შეხვდნენ ვასილ მაღლაფერიძე, მაკო ბიგვავა, ლაშა ნაცვლიშვილი და კახა ბექაური, სადაც საუბრის თემას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ზაზა შათირიშვილის გაყვანა წარმოადგენდა.

 

„რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია რომ გამოქვეყნებულიყო იქამდე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა სია, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ რომ ელოდები 14-კაციან სიას და მერე სავარაუდო პირს ამოარჩევ, რომელიც შეიძლება სავარაუდოდ ვინმემ აარჩიოს და იმაზე უშვებ ინფორმაციას, ეს ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩნდება კითხვა, რომ უნდათ ვიღაცის დაბლოკვა, ვიღაცის წარდგენის შეფერხება. გუშინ რაც ვიხილეთ, დამაჯერებლობას იყო მოკლებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





 

big_banner
არქივი