logo_geo
ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილს ყველა მოსახვევში პუტინი ელანდება!
- +

30 ივნისი. 2018. 01:11

 

„სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს მას ბრალი.

 

„მე ვიყავი ქვეყნის მეორე პირი და თუ სააკაშვილი არ მენდობოდა და არ მიჯერებდა ეს არის მისი, როგორც პრეზიდენტის ძალიან დიდი მინუსი. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ არ მიჯერებდა, კი ბატონო, მაგრამ, რომ არ მიჯერებდა ამის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მას და მის გუნდს ჩემთვის, რომ დაეჯერებინა დღეს საქართველო განუზომლად წინ იქნებოდა, არც გვირგვლიანის ტრაგედია იქნებოდა, არც 2008 წლის აგვისტოს ომი, არც გელაშვილის ცემის ფაქტი იქნებოდა და არც სხვა, რასაც გადაყვა სააკაშვილის ხელისუფლება და საბოლოოდ ქვეყნიდან გაქცევა დასჭირდა“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

რაც შეეხება სააკაშვილის ბრალდებას, რომ ნინო ბურჯანაძემ ვალერი გელაშვილის საქმეზე ჩვენება მას შემდეგ მისცა, რაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, ბურჯანაძე პასუხობს, რომ პუტინთან შეხვედრისას ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ნამდვილად არ უსაუბრია.

 

„სააკაშვილს ყველა მოსახვევში პუტინი ელანდება. გარწმუნებთ, რომ მე და პუტინს გელაშვილის ცემის ფაქტზე არ გვქონია საუბარი. არც ის მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის ყოველდღიური პრობლემებით იყოს დაინტერესებული.

აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ, რაც მე ვთქვი, მაგრამ თუ პროკურატურას მხოლოდ ჩემი ჩვენება აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ გამოიყენა მაქსიმალური შესაძლობლობა, რომელიც ყოველგვარ არგუმენტებს მოუსპობდა სააკაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით. როცა საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან საკმარისი არაა, მხოლოდ ორგანიზატორის დასჯა, მასთან ერთად დასჯილები უნდა იყვნენ შემსრულებლებიც. ის, რომ ეს ხელისუფლება ვერ და არ იძიებს საქმეებს ნათელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი ვერასოდეს იტყოდა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი