logo_geo
კობა კობალაძე: ჩვენს გუნდს გააჩნია ჩამოყალიბებული ხედვა ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით
- +

15 ივლისი. 2018. 02:04

 

 

„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს პოზიტიური, პროგრესული პროგრამის წარმოდგენისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვეყნისთვის ისეთ არსებით მიმართულებებს, როგორიცაა: მართლმსაჯულება, სამართალდამცავი, უსაფრთხოების, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგარეო და საშინაო მიმართულებები. აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ სივრცეში მდებარეობა და არსებული რეალობა, რაც გულისხმობს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაციას. ასეთ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი მხრიდან მოქნილი, ოპერატიული, რაციონალური, პრაგმატული და ეფექტური, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, ნებისმიერ მგრძნობიარე, კრიტიკული საკითხისადმი. ჩვენი გუნდისა და ფრაქციისათვის მისაღები და შთამბეჭდავია სწორედ ის ფაქტი, რომ პროგრამაში პრიორიტეტული ადგილი უჭირავს თავდაცვის და უშიშროების სფეროს განვითარებას და სისტემურ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში.

 

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ასევე ვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებზე. სწორედ თანამშრომლობის რეჟიმი და ჩართულობა, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, საყოველთაო თავდაცვის კონცეფციის შემუშავების პროცესში, გვაძლევს შესაძლებლობას, ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელოვან სეგმენტებსა და მიმართულებებზე. მაგალითად, პრინციპული ხედვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქვეყნის უზრუნველყოფა სახელმწიფო აღმშენებლობის საქმეში. თუმცა, არსებული რესურსი უდაოდ ითხოვს ქვეყნის უზრუნველყოფას ვეტერანთა სამობილიზაციო რესურსის ჩართულობის საქმეში. არსებული რესურსი უდაოდ ითხოვს მომზადება-გადამზადების პროგრამების ინიცირებასა და დანერგვას.

 

მისასალმებელია, რომ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, როგორც საყოველთაო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი დანაყოფების შემადგენლობაში ვეტერანების და სახელმწიფოს წინაშე დამსახურებული ხალხის ჩართულობა, მათი ინტელექტუალური და ცხოვრებისეული გამოცდილების გამოყენება. მოგეხსენებათ, პროფესიონალიზმი ერთი დღით არ მოდის.

 

ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ჩვენ ვართ საზღვაო სახელმწიფო, აუცილებელია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო არეალის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ამ მიმართულებით ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან.

 

ასევე პრიორიტეტულია საყოველთაო სამოქალაქო თავდაცვის სექტორის განვითარება და გაუმჯობესება.

 

ჩვენთვის ფრიად მისაღებია სამთავრობო პროგრამაში განათლებისა და ეკონომიკის, ასევე სოციალური სფეროს პრიორიტეტად გამოყოფა. სწორედ აღნიშნული მიმართულებები წარმოადგენს იმ სეგმენტს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს მისცემს კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობას.  სწორედ განათლების ხელშეწყობა, თანამედროვე მსოფლიოში არსებული მაღალტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება, ასევე ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა და მათში სულიერი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლება დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის.

 

აღსანიშნავი და მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლების უპირველეს ღირებულებას. ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. თუმცა, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები გვავალდებულებს, უზრუნველვყოთ სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის მკაფიო ზღვარის და საზღვრის დაწესება. თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია, გააცნობიეროს, რომ წარმოადგენს სახელმწიფოს, ქვეყნის ღირებულებების უმნიშვნელოვანეს ნაწილს და გააჩნია პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღოს ძლიერი, თავისუფალი სახელმწიფოს შენების პროცესში, თავისი სტატუსის და ადგილმდებარეობის მიუხედავად. ისევე, როგორც, ჩვენი ყველას ვალია, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დავუბრუნოთ ეს შეგრძნება და განცდა.

 

ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული, ჩამოყალიბებული ხედვა ყველა მნიშვნელოვან, ზემოთ აღნიშნული საკითხის მიმართულებით და მას შემდეგ, რაც შევუდგებით მუშაობას, ჩვენი მხარდაჭერის შედეგად, მზად ვართ, უწყვეტ რეჟიმში ვითანამშრომლოთ და შევქმნათ ეფექტური, ხელშესახები პროდუქტი. ჩვენი ფრაქციის სახელით გიცხადებთ სრულ ნდობას და მხარდაჭერას თქვენი სამომავლო გეგმების განხორციელებაში. გისურვებთ წარმატებას თქვენს გუნდს და ყველა ჩვენგანს, გვფარავდეს ღმერთი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.  

 

შეგახსენებთ, პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.

 

მთავრობა 101 ხმით დაამტკიცეს. პარლამენტში წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ 12-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

 

ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია.

 

 

big_banner
არქივი