logo_geo
ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი არის ასეთი არათანმიმდევრული, იქ საუბარი სასახლეზე არის ზედმეტი
- +

21 ივლისი. 2018. 19:35

 

 

„როდესაც პრეზიდენტი არის ასეთი არათანმიმდევრული, იქ საუბარი სასახლეზე არის ზედმეტი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს კომპეტენციებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

 

„მე არანაირი კონკრეტული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. მთავარი არის არა სასახლე, სადაც უნდა იმყოფებოდეს პრეზიდენტი, მთავარია, მაგალითად, პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება. მთავარია ის, რომ პრეზიდენტი მაღალი ხარისხის სიტყვით გამოდიოდეს ხოლმე, როდესაც ის მოდის საქართველოს პარლამენტში. მთავარია ის, რომ ის მოქმედებდეს კონსტიტუციის შესაბამისად. მთავარია, რომ ის არ იყენებდეს იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც იყენებდა გუშინ საკუთარი ოპონენტების თუ არა ოპონენტების მიმართ. მთავარია, რომ ის იყოს თანმიმდევრული და არ გააკეთოს ის, რაც გააკეთა, მაგალითად, აჭარაში. ყველამ იცოდა, რომ 2/3-ი იყო წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, უნდა დაესახელებინა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, თუმცა ჩავიდა ბათუმში, უთხრა ოპოზიციას, რატომ არ გყავთ დაყენებული თქვენი კანდიდატიო, დაასახელებინა კანდიდატი, რაც იყო თავისთავად უკვე კომიკური მოვლენა და მერე არ დაუსახელა ეს კანდიდატი. ასეთი არათანმიმდევრული როდესაც არის პრეზიდენტი, ბუნებრივია, იქ ლაპარაკი სასახლეებზე და რაღაცეებზე, არის ზედმეტი. იქ არის მთავარი, რომ პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს თავის კომპეტენციებს, ის იყოს თანმიმდევრული, ის იყოს, ასე ვთქვათ, შესაბამისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ამ კუთხით, როდესაც ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს აუცილებლად ინტელექტუალი და მას უნდა ესმოდეს კონსტიტუციური ფუნქციები, რომელიც აქვს მიკუთვნებული პრეზიდენტს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი