logo_geo
გიორგი ვოლსკი: წინა მთავრობას ჰქონდა ძალიან დაბალი ტემპი და საჭირო იყო ახალი ენერგია
- +

25 ივლისი. 2018. 16:18

 

„გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მიმართ იყო კრიტიკა და ეს კრიტიკა ეხებოდა სოციალურ თემებს და მართვის ორგანიზებაში წარმოშობილ სერიოზულ პრობლემებს“, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ თემებზე გუნდის შიგნით, დახურულ შეხვედრებზე იყო საუბარი, იყო საკმაოდ მწვავე გარჩევები. ვოლსკის შეფასებით, წინა მთავრობას ჰქონდა ძალიან დაბალი ტემპი და საჭირო იყო ახალი ენერგია, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს კიდეც.

 

„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა წინა მთავრობის და მთავრობის თავმჯდომარის მიმართ პრეტენზიებზე, მაგრამ მას დეტალებზე არ ულაპარაკია, თუ როგორ განვითარდა ეს შეუთავსებლობის პროცესი. ამის მინიშნება ჩვენ იმ ამოცანებში უნდა ამოვიკითხოთ, რაც თავის თავს პარტიის თავმჯდომარედ არჩეულმა ბიძინა ივანიშვილმა დაუსახა. პირველი საკითხი, რაზეც შეიძლება პრეტენზია გქონოდა, ეს იყო გარკვეული პროცესების ლობირება, ბიზნესის ლობირება, საფინანსო სტრუქტურების ლობირება და სოციალური თემების მეორე პლანზე გადაწევა. ეს იყო მთავარი! კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ივანიშვილმა საკუთარ ამოცანად წარმოადგინა, ეს არის გამაერთიანებლის ფუნქცია, რაც ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მიზეზის გამო გიორგი კვირიკაშვილმა ნამდვილად დაკარგა. საკონსტიტუციო უმრავლესობა და საერთოდ, ხელისუფლებაში არსებული უმრავლესობა - ნებისმიერი შტო ერთად რომ შეკრიბო, საკმაოდ ეკლექტური საზოგადოებაა, რომელსაც მართვის უფრო ინტენსიური რეჟიმი სჭირდება. არ მაქვს სურვილი, რომ იმ სამ-ოთხ საათიანი შეხვედრის დეტალები სრულად გავაანალიზო. იქ იყო თვითკრიტიკა, მათ შორის პარლამენტის მხრიდან, რომ ამ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა დათმობოდა და იყო იმაზე საუბარი, რომ პასუხისმგებლობა ყველაზე უნდა გადანაწილდეს. რეალურად, ბოლო პერიოდში, რაც ამ შეუთავსებლობამ იჩინა თავი - მხედველობაში მაქვს პარლამენტის, სამთავრობო სტრუქტურების მართვის სისტემა, ეს დამაზიანებელი აღმოჩნდა პროცესებისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი